ზუგდიდში გრიპის ვირუსით ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა
ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გრიპის ვირუსით ქალბატონი გარდაიცვალა. მედიკოსების განცხადებით, გარდაცვლილს აღენიშნებობა ფილტვების ორმხრივი ტოტალური პნევმონია, ფილტვების შეშუპება. მიუხედავად ჩატარებული სამედიცინო ღონისძიებებისა პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
“ავადმყოფი გადმოყვანილ იქნა კატასტროფის სამსახურის მიერ, რომელსაც აღენიშნებოდა ორმხრივი ტოტალური პნევმონია, ფილტვების შეშუპება და სუნთქვის მწვავე უკმარისობა. უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში, მართვით სუნთქვაზე მოთავსდა კრიტიკული მედიცინის განყოფილებაში, ჩაუტარდა შესაბამისი ინტენსიური თერაპია და პოლიორგანული უკმარისობის საწინააღმდეგო მკურნალობა,თუმცა გუშინ დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი”-აღნიშნა “ევექსის” ჰოსპიტალის კლინიკურმა დირექტორმა სულხან ორჟონიამ.
ამჟამად გრიპის სიმპტომებით ზუგდიდის საავადმყოფოში 19 ადამიანი მკურნალობს, აქედან ერთის მდგომარეობა მძიმეა, ის მართვით სუნთქვაზეა.
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ე.წ. ღორის გრიპის ვირუსის 19-მდე შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა ოთხი პაციენტი.



