Associated Press-ის მიმოხილვა: ბოლო მოვლენები ირანიდან

ირანის სასამართლო ხელისუფლების ხელმძღვანელმა განაცხადეს, რომ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე პროტესტების დროს დაკავებული პირების სასამართლო პროცესები დაჩქარებულად გაიმართება და დაკავებულებს სიკვდილით დასჯა ელით. ამის შესახებ Associated Press - წერს. მანამდე ირანის ხელისუფლებას ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გაფრთხილება მისცა, შეწყვიტოს ხოცვა და სიკვდილით დასჯა.
ირანის სასამართლო სისტემის ხელმძღვანელის, გოლამჰოსეინ მოჰსენი-ეჯეის განცხადება გავრცელდა იმ ფონზე, როდესაც აქტივისტები აფრთხილებდნენ საზოგადოებას, რომ დაკავებულთა ჩამოხრჩობა შესაძლოა უახლოეს პერიოდში დაწყებულიყო.
ამ დროისთვის, ირანში მიმდინარე მოქმედებებს სულ მცირე 2 571 დემონსტრანტის სიცოცხლე იმსხვერპლა — ამის შესახებ აშშ-ში დაფუძნებული ორგანიზაცია Human Rights Activists News Agency იუწყება. ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად აღემატება ირანში ბოლო ათწლეულების განმავლობაში მომხდარი ნებისმიერი სხვა პროტესტის ან არეულობის მსხვერპლთა რიცხვს.
დღესვე ირანში გაიმართა მასობრივი დაკრძალვის ცერემონია სადაც დაახლოებით 100 უსაფრთხოების ძალის წევრი დაკრძალეს, რომლებიც დემონსტრაციების დროს დაიღუპნენ. მიუხედავად ამისა, ირანის ხელისუფლება მანამდე აცხადებდა, რომ ეს რიცხვი 300 იქნებოდა. ცერემონიას ათიათასობით მგლოვიარე დაესწრო, მათ ხელში ეკავათ ირანის დროშები და აიათოლა ალი ხამენეის ფოტოები.
ქვეყნის რეგიონებში ხალხი ქუჩებში კვლავ შიშით გადაადგილდება:
„ძალიან შეშინებულები ვართ ამ ხმების (სროლის) და პროტესტების გამო,“ — განაცხადა ოთხშაბათს ხილისა და ბოსტნეულის საყიდლად გამოსულმა ორი შვილის დედამ, რომელმაც ანონიმურად საუბარი შურისძიების შიშის გამო არჩია. „გავიგეთ, რომ ბევრი დაიღუპა და ბევრი დაიჭრა. ახლა სიმშვიდე თითქოს აღდგა, მაგრამ სკოლები დახურულია და მეშინია, კვლავ გავუშვა ჩემი შვილები სკოლაში.“
36 წლის აჰმადრეზა თავაკოლიმ Associated Press-ს განუცხადა, რომ თეირანში ერთ-ერთ დემონსტრაციას შეესწრო და ხელისუფლების მხრიდან ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით შოკირებული დარჩა.
„ხალხი გამოვიდა საკუთარი აზრის გამოსახატავად და საპროტესტოდ, მაგრამ ყველაფერი ძალიან სწრაფად გადაიქცა საომარ ზონად,“ — თქვა თავაკოლიმ. „ხალხს იარაღი არ აქვს. იარაღი მხოლოდ უსაფრთხოების ძალებს აქვთ.“
შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპმა, ირანის ხელისუფლება სიკვდილით დასჯების გამო გააფრთხილა, ინტერვიუ ამერიკის პრეზიდენმა CBS-ს მისცა, რომელიც ეთერში სამშაბათს გავიდა.
„ჩვენ ძალიან მკაცრ ნაბიჯებს გადავდგამთ,“ — თქვა ტრამპმა. „თუ ისინი ასეთ რამეს გააკეთებენ, ჩვენ ძალიან ძლიერად ვიმოქმედებთ.“
„ჩვენ არ გვინდა, რაც ირანში ხდება, ასე გაგრძელდეს. თუ პროტესტი უნდათ — ეს ერთია, მაგრამ როდესაც იწყებენ ათასობით ადამიანის მკვლელობას და ახლა უკვე ჩამოხრჩობაზე მესაუბრებით — ვნახოთ, როგორ გამოუვათ ეს. მათთვის ეს კარგად არ დასრულდება.“
მსგავსი სიახლეები

შარლ მიშელი: საქართველოს პრემიერ-მინისტრთან სატელეფონო საუბარში განვიხილეთ საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები – ახლა საჭიროა ნამდვილი დიალოგი

ირაკლი ღარიბაშვილი: ის, რაც „ქართულმა ოცნებამ“ შეძლო ბოლო ათი წლის განმავლობაში, არის მართლაც უპრეცედენტო, ჩვენ გვაქვს უწყვეტი მშვიდობიანი, სტაბილური პერიოდი, რაც არის ჩვენი ქვეყნის განვითარების საფუძველი




