ოკუპირებულ აფხაზეთში ოპოზიციის ლიდერი სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ეხმაურება

დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ადგურ არძიმბა საქართველოს პრეზოდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ეხმაურება:
,,მინდა შევახსენო საქართველოს პრეზიდენტს, რომელიც ჩვეულებისამებრ თავის მსჯელობებსა და შეფასებებში ხელმძღვანელობს ეროვნული მითოლოგიით და არა რეალობითა და საღი აზრით, რომ ,,აფხაზეთის რესპუბლიკა” არის თავისუფალი ,,ქვეყანა”, რომელიც დამოუკიდებლად განსაზღვრავს თავის ბედს, მიმართულებებს. განვითარებისა და ეროვნული ინტერესების.
აფხაზეთის ხალხი აბსოლუტურად ერთიანია უმთავრესში, ჩვენი ,,კონსტიტუციის” ძირითად დებულებებში, რომლის მიხედვითაც ,,აფხაზეთის რესპუბლიკა” არის სუვერენული სახელმწიფო, ისტორიულად ჩამოყალიბებული ხალხის თავისუფალი თვითგამორკვევის უფლებით.
ამ მხრივ, გაურკვეველია, ვის მიმართ და რისთვის არის სოლიდარული ქალბატონი ზურაბიშვილი, რომელთანაც აშკარად განსხვავებული შეხედულებები გვაქვს არა მხოლოდ ,,სამშობლოს” აწმყოსა და მომავალზე, არამედ ,,ქვეყანაში ცხოვრებაზე”, პოლიტიკაზე და ალბათ მორალზეც.
ჩვენ ასევე გვინდა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ჩვენი ქმედებები არ არის ანტირუსული ხასიათის. ნებისმიერი განცხადება ამ თემაზე, არ აქვს მნიშვნელობა ვისგან მოდის, არის 100% ტყუილი და პროვოკაცია. რუსეთთან ალიანსისა და სტრატეგიული პარტნიორობისკენ მიმართული კურსი ურყევი რჩება, ისევე როგორც ჩვენს ხალხებს შორის ძმური ურთიერთობები და ურთიერთდახმარება.
აფხაზური ოპოზიცია შიდა პოლიტიკურ ბრძოლას აწარმოებს ექსკლუზიურად აფხაზეთის მრავალეროვნული ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე. მაგრამ ჩვენ არ ვიცით, ვის ინტერესებს გამოხატავს სალომე ზურაბიშვილი და გულწრფელად რომ გითხრათ, ეს დიდად არ გვაინტერესებს.
წინ ბევრი სამუშაო გვაქვს ,,ჩვენს მიწაზე” წესრიგის აღსადგენად და ამისთვის ნამდვილად არ გვჭირდება არცერთი პოლიტიკური ფიგურის სოლიდარობა ენგურის მეორე მხარეს” – აცხადებს ადგურ არძიმბა.
შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილი აფხაზეთში მიმდინარე პროცესებს 15 ნოემბერს გამოეხმაურა და განაცხადა:
,,მინდა დავგმო, რომ დღეს რუსეთი დგამს აჩქარებულ ნაბიჯებს ანექსიის მიმართულებით, როდესაც ითხოვს საქართველოსგან, დათანხმდეს დელიმიტაციას, რაც არის წარმოუდგენელი და რაც პრინციპში უგულებელყოფს საქართველოს მთავრობის მთელ ლოგიკას, რომ ვითომც და დათმობებით შეიძლება შეაცვლევინო რუსეთს პოლიტიკა. შეაცვლევინო კი არა, ააჩქარებ ამით და ეს ჩანს ყოველდღიურად. ოკუპირებულ აფხაზეთში მცდელობაა, გატარდეს რუსული კანონი და რასაც სამოქალაქო საზოგადოება წინ აღუდგა და მინდა მათ სოლიდარობა გამოვუხატო” – თქვა პრეზიდენტმა მედიასთან კომენტარის დროს.



![მიტოვებული ქალაქი ოკუპირებულ აფხაზეთში [ვიდეო]](https://api.stv.ge/uploads/2018/11/2018-11-03-2.jpg)
