წალენჯიხის მერიის ხელმძღვანელმა პირებმა აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა პატივი მიაგეს აგვისტოს ომში დაღუპული გმირის, ჯგალის მკვიდრის — კაპრალ კობა ხარჩილავას ხსოვნას. კობა ხარჩილავა ცხინვალის მისადგომებთან გმირულად დაეცა სამშობლოს დაცვისას“ – ნათქვამია წალენჯიხის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კობა ხარჩილავას მისი სამხედრო თავდადება სახელმწიფომ ღირსეულად დააფასა – „ოქროს მედლით“ მხედრული მამაცობისთვის.
„წალენჯიხის ხელმძღვანელმა პირებმა ასევე პატივი მიაგეს აგვისტოს ომში დაღუპულ სამოქალაქო პირებს – ნაკიფუში მცხოვრებ კეკე, დოდო და ენვერ ჭანიებს და წალენჯიხის ყოფილ გამგებელს, აგვისტოს ომის მონაწილე გიორგი მებონიას. მათი საფლავები ყვავილებით შეამკეს, ხსოვნა კი — მადლიერებითა და დუმილით მოიხსენიეს“ – წერია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
დღესვე წალენჯიხის ოპოზიციურმა მერიამ 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. გთავაზობთ მერიის განცხადებას:
„17 წელი აგვისტოს ომიდან — გმირების ხსოვნა მარადიულია!
2008 წლის აგვისტოს ომიდან 17 წელი გავიდა. რუსეთის ფედერაციამ, როგორც ოკუპანტმა სახელმწიფომ, სამხედრო აგრესია განახორციელა საქართველოს წინააღმდეგ — ქვეყნის ტერიტორიაზე შეიჭრა, მშვიდობიანი მოსახლეობა დაარბია და ტერიტორიის 20% დღემდე ოკუპირებული აქვს.
რუსული სამხედრო ძალა პირველად 4 აგვისტოს დაფიქსირდა როკის გვირაბში, ხოლო სრულმასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია 7 აგვისტოს დილით დაიწყო“ – წერია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.




