ზუგდიდში 129 წარჩინებული მოსწავლე ,,ჩემი პირველი კომპიუტერის“ პროგრამის ფარგლებში დაჯილდოვდა

ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში, პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში, 2023-2024 სასწავლო წლის საბაზო საფეხურის წარჩინებული მოსწავლეები პერსონალური კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ.
პროგრამის ფარგლებში დაჯილდოვდა 129 წარჩინებული მოსწავლე.
პროგრამას „ჩემი პირველი კომპიუტერი“, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ახორციელებს. პროგრამის ბენეფიციარებად განისაზღვრნენ საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც საბაზო საფეხური (მე-7, მე-8 და მე-9 კლასები) წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანია 10 ქულა.
პროგრამის მიზანს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და ინფორმაციულ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლების მეთოდების გაძლიერება წარმოადგენს.
მოსწავლეების დაჯილდოებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ვიბლიანი, მოადგილე დავით კუხალეიშვილი, მერიის განათლების, ძეგლთა დაცვის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.




