აბაშის მერი კუდის ყოფილი რეგიონული უფროსის განცხადებას დეზინფორმაციას უწოდებს და ოპოზიციის ქმედებებს აფასებს

აბაშის მერი გიგა გაბელაია განცხადებას ავრცელებს. მერი, ნაციონალური მოძრაობის წევრის და კუდის ყოფილი რეგიონალური უფროსის დავით დარცმელიძის განცხადებას ეხმაურება, რომელიც წერს, რომ აბაშის მერია თითქოს სტადიონის ნაწილს აუქციონზე ყიდის. გიგა გაბელაია აცხადებს, რომ დეზინფორმაციის გავრცელებას ოპოზიციის წარმომადგენელი მიზანმიმართულად ახდენს.
,,სოციალური ქსელის საშუალებით გავრცელდა მიზანმიმართული დეზინფორმაცია აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ, თითქოს მერია თავისუფლების ქუჩაზე, პოლიციის შენობის მიმდებარე სტადიონს აუქციონზე ყიდის.
ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს თუ შევაფასებთ, ადვილად მისახვედრია, რომ ეს არის არჩევნების წინ მერიის დისკრედიტაციის მცდელობა, რათა მოხდეს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა, რაც დესტრუქციული ოპოზიციის მიზანს წარმოადგენს.
პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ ემზადება არჩევნებისთვის და კონსტიტუციური უმრავლესობით აპირებს გამარჯვებას, სწორედ ამიტომ, ოპოზიციური ფლანგი სრულ აგონიაშია და ყველა მიმართულებით ცდილობს მათთვის ჩვეული დეზინფორმაციის გავრცელებას.
ნაციონალური მოძრაობა ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავ საკანონმდებლო ინიციატივაზე უსუსური, არაფრის მთქმელი ბრალდებით, ხან თითქოსდა გაზრდილი პურის ფასებით, საპარლამენტო სივრცესა და თვითმმართველობებთან დაპირისპირებით, სხვა აბსურდული საკითხებით ცდილობს თავი აარიდოს პასუხისმგებლობას ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე და ეს ხდება იმ ფონზე, როცა მათ ხელი არ მოაწერეს ევრონესტის ასამბლეაზე საქართველოს ევროპული პერსპექტივის შესახებ რეზოლუციას. ეს კი ყველა ქართველში ქმნის განცდას, რომ ისინი არც საქართველოს ფეხბურთის ეროვნულ ნაკრებს უჭერენ მხარს და არც გუნდის გამარჯვება უხარიათ.
რა თქმა უნდა, ეს არ გვიკვირს, ნათელია, რომ ნაციონალური მოძრაობა არ უჭერს მხარს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, არ მოსწონს განახლებული რეგიონები, ეკონომიკურად გაძლიერებული მუნიციპალიტეტები, რეაბილიტირებული ქუჩები, სკვერები, სტადიონები, კულტურის სახლები, მუზეუმები, რადგან ისინი სწორედ ამ სიახლეებსა და დადებითში ხედავენ თავისი დამარცხების უმთავრეს მიზეზებს.
ჩვენი ხელისუფლების, თვითმმართველობის ორგანოების, მათ შორის აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის მთავარი ამოსავალი წერტილი ხალხის ინტერესებია, რომელიც ორიენტირებულია მუნიციპალიტეტის განვითარებაზე, ახალგაზრდების მხარდაჭერაზე, მათი სწავლისა და დასაქმების ხელშეწყობაზე, ეკონომიკური საქმიანობის გაძლიერებაზე, თითოეულ მოქალაქეზე მორგებული ინფრასტრუქტურული თუ სოციალური პროექტების განხორციელებაზე. ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება, ახალგაზრდებში მისი პოპულარიზაცია და შესაბამისი ინფრასტრუქტურული მზაობა კი ადგილობრივი თვითმმართველობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
ბოლო წლების განმავლობაში მიღწეული პროგრესი ჩვენს მუნიციპალიტეტში მართლაც თვალსაჩინოა, ამის დანახვა კი ოპოზიციას კატეგორიულად არ უნდა.
სწორედ ამიტომ, ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი წევრის, დავით დარცმელიძის სოციალური ქსელის პირად გვერდზე გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით განვმარტავთ, რომ აბაშის მუნიციპალიტეტში მიმდინარე წელს ორი ახალი მინი სტადიონი მოეწყო, ერთ-ერთია სწორედ თავისუფლების ქუჩაზე მდებარე ის სტადიონი, რომელიც დარცმელიძის თქმით „აუქციონზეა გატანილი“. ეს სტადიონი სწორედ იმ ქუჩაზე მდებარეობს, რომელზეც არსებული მიწები, დავით დარცმელიძემ და მისმა პარტიამ, ნაციონალურმა მოძრაობამ ხელისუფლებაში ყოფნის დროს თანამოძმეებს საჩუქრად გადასცა. თავისუფლების ქუჩაზე არსებული სტადიონი ახლახან რეაბილიტირდა, პროექტის ფარგლებში მთლიანად შეიცვალა დაზიანებული სპორტული ინვენტარი და ბალახის ხელოვნური საფარი, განახლდა ლითონის მავთულ-ბადიანი ღობე, მინი სტადიონი ღიაა ნებისმიერი სპორტის მოყვარულისთვის, იქ მუდმივად მიმდინარეობს ვარჯიშები. აბაშის მერია ახალგაზრდებისთვის სპორტული ზონების მოწყობას მომავალშიც გეგმავს: მიმდინარე წელს კიდევ სამი სტადიონი შეემატება მუნიციპალიტეტს. დიახ, ჩვენ ვაგრძელებთ მუდმივი მშენებლობებისა და განახლებების პროცესს: მოეწყო ორი სკვერი და იგეგმება სამი სარეკრეაციო დასასვენებელი სივრცისა და საბავშვო მოედნის მოწყობა. მნიშვნელოვანია, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში სპორტის განვითარებაში ჩადებული რესურსი ორჯერ გაიზარდა, გაიზარდა საბავშვო ფეხბურთში ჩართული ბავშვთა რაოდენობა, ამაღლდა მწვრთნელების კვალიფიკაცია და ანაზღაურება.
იმედი გვაქვს, რომ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებიც კითხულობენ იმ ანგარიშებს, რომლებსაც წარვადგენთ მოქალაქეების წინაშე და კარგად იციან საქმიანობას როგორ წარვმართავთ, შეუძლებელია შევადაროთ დღეს არსებული რეალობა და მათი მმართველობის პერიოდში არსებული მდგომარეობა.
ნაციონალურ მოძრაობას შევახსენებთ, რომ ქვეყანაში მშვიდობის, წესრიგის, ჩვენი შვილების მშვიდი ძილის ფასი არის ეროვნული სულისკვეთებით და ღირებულებებით აღზრდილი თაობა, ასევე გვინდა შევახსენოთ, რა მნიშვნელობა აქვს მშვიდობას ჩვენს ქვეყანაში და ამ მშვიდობისა და სწორი პოლიტიკის კურსის შედეგად მიღებულ ეკონომიკურ ზრდას. ასევე შევახსენებთ, რომ ისეთი პატარა მუნიციპალიტეტი, როგორიც აბაშაა, გადასულია ეკონომიკური განვითარების სულ სხვა ფაზაზე: ოპერირებს საქართველოში მოქმედი ყველა საფინანსო ინსტიტუტი, ქსელური ბიზნესი, მოზიდულია მწარმოებელი კომპანიების არაერთი რესურსი, მათ შორის საერთაშორისო კომპანიები. მუნიციპალიტეტი ნერგავს და ახორციელებს თანამედროვე სატრანსპორტო პოლიტიკას, შიდა გადაზიდვებს, აწყობს თანამედროვე ტიპის ავტოსადგურს, აშენებს არა მარტო მუნიციპალიტეტისთვის, რეგიონისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან კულტურის სახლს, რეაბილიტაციას უტარებს და აშენებს ახალ სკოლებსა და ბაღებს, ახორციელებს არაერთ მნიშვნელოვან პროექტს. თითოეული მათგანის ღირებულება, რესურსი, მოსწავლეთა, მასწავლებელთა, მშობლების, თითოეული მოქალაქის მხარდაჭერა განსაზღვრავს საზოგადოების პოლიტიკურ განწყობას.
ყოველივე ამის ფონზე, არჩევნებზე ღირსეულ პასუხს გასცემს ხალხი დემაგოგებს, ლგბტ პროპაგანდის მხარდამჭერებს, ომის პარტიის მხარდამჭერებს, მწვალებლების პარტიას, ქვეყნის ნგრევასა და დესტაბილიზაციაზე აწყობილ ძალას.
ეკონომიკური წინსვლა, ქალაქის დაგეგმარება, გაზრდა და განვითარება შეუქცევადი პროცესია და აუცილებლად გაგრძელდება, საჭიროების შემთხვევაში მუნიციპალიტეტი განახორციელებს სხვადასხვა სივრცის თანმიმდევრულ განვითარებას, ისე, როგორც განავითარა რკინიგზის სადგური და მიმდებარე ტერიტორია. სამწუხაროდ, არც ამას უჭერდნენ მხარს დესტრუქციული ძალები. მერია აწყობს გარე მოვაჭრეებისთვის სივრცეს, მოაწყო კეთილმოწყობისა და დასუფთავების ცენტრი, თანამედროვე ტიპის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი.
პ.ს. სამწუხაროდ, ნაციონალურ მოძრაობას ძალიან გვიან გაახსენდა, რომ არსებობს ფეხბურთი, მუნიციპალიტეტი კი თავდაუზოგავად შრომობს სპორტის ამ სახეობის განვითარებისათვის (ხვედელიძე! გოლი მინდა, ორი გოლი მინდა!)☺” – წერს გიგა გაბელაია.




