უკრაინაში მებრძოლის ბანერი პირადი შურისძიებისთვის დააზიანეს – ,,ოცნება” წალენჯიხის მერს ტყუილში ამხელს

ქალაქ ჯვარში, რუსეთ-უკრაინის ომში მებრძოლ ლევან ფიფიას ბანერი მოქალაქე თამარ სამუშიამ დააზიანა. ამის შესახებ სამუშია ფეიბუქში თავად წერს, ბანერის დაზიანებას პირად შურისძიებას უკავშირებს და ფაქტს რამდენიმე პოსტს უძღვნის.
თამარ სამუშია მიმართავს წალენჯიხის ოპოზიციონერ მერს გიორგი ხარჩილავას, რომელმაც 2 დღის წინ ბანერის დაზიანების გამო ქალაქ ჯვარში აქცია გამართა და მომხდარში ,,ქართული ოცნება” დაადანაშაულა.
,,აქციაა რათგინდა ვის უკეთებ ამ აქციას 👉😎😎😎😎😎 ფრთხილად მეროო შენც არმოგიწიოს წასვლა აგაბუნძგულებენ მალე ენას რომ ატლიკინებ რომელი ხატი ეგ მყავს ჰაა რაცარუნდა გააკრათ მაინც გაქრება ეგ ბიუსტი სამუშიასთვის არეკადრებინა ის რაც იკადრა და ექნებოდა ეგ ბიუსტი 👻👉🫡🙈🙈ნუ აბრალებ ოცნებას და ვინმეს რამეს უარესის ღირსია ჩეემგაან” – წერს სოციალურ ქსელში თამარ სამუშია.
ეს თამარ სამუშიას მიერ ლევან ფიფიას ბანერის დაზიანების აღიარების პირველი შემთხვევა არ არის მან კიდევ ორი პოსტი მიუძღვნა ამ ფაქტს:
,,ლევან შენი ბიუსტი არაა საჭირო წალენჯიხაში სახლში დაიდგი იცი რატომ სამიშვილის დედის გამწარება არასდროს შეგრჩებაა დიდება საქართველოს და დიდება ნამდვილ უკვდავ დაღუპულ გმირებს მოღალატებს არშერჩენოდეს ჩემი გამწარება და ღალატი.” – წერს სამუშია.
ფაქტს განცხადებით გამოეხმაურა წალენჯიხის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნება”
,,მოქალაქე თამარ სამუშიას მიერ საჯაროდ გამოქვეყნდა პოსტი, სადაც ხაზგასმულია, რომ პირადი წყენის ნიადაგზე ჩაიდინა ჯვარში მომხდარი ფაქტი, კერძოდ, უკრაინაში ქართველი მებრძოლის ბანერის დაზიანება, რომელსაც წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა აქცია მიუძღვნა, სადაც ადმინისტრაციული რესურსით იყო წარმოდგენილი და ღიად ადანაშაულებდა “ქართულ ოცნებას”.
აღნიშნული აქციის ერთადერთი მიზანი “ნაციონალური მოძრაობის” “ბელადისთვის” საარჩევნო ბენეფიტების მისაღებად თავის რეაბილიტირებულ მებრძოლად წარმოჩენა იყო.
მოვუწოდებთ ბ-ნ გია ხარჩილავას საჯაროდ მოიხადოს ბოდიში “ქართული ოცნების” გუნდის, მხარდამჭერებისა და აქციაზე შანტაჟით წაყვანილი პირების წინაშე!” – წერია წალენჯიხის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების” განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ უკრაინაში მებრძოლ ლევან ფიფიას ბანერს ქალაქ ჯვარში წითელი საღებავი შეასხეს. წალენჯიხის მერის, გია ხარჩილავას თქმით, ,,ყველა მსგავსი ქმედების უკან ქართული ოცნება და მმართველი გუნდის მიერ წახალისებული მარგინალური ჯგუფები დგანან.” მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა აქვიაც გამართა.







