პიაცა ზუგდიდის სკეიტ პარკში, ბულვარის გაგრძელება, ფუნიკულიორის რეაბილიტაცია, კორპუსების რეკონსტრუქცია – რა პროექტები იწყება ზუგდიდში

კურორტებისა და ქალაქების განვითარების ახალი სახელმწიფო პროგრამით ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 4 მასშტაბური პროექტი განხორციელდება, ამის შესახებ ზუგდიდის მერმა მამუკა წოწერიამ განაცხადა. მისივე განმარტებით მოხდება ისტორიული ბულვარის გაგრძელება, სკეიტპარკის ტერიტორიაზე პიაცას კონცეფციის განვითარება, ფუნიკულიორის რეაბილიტაცია და ცენტრში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების რეაბილიტაცია.
„ზუგდიდში განხორციელდება კურორტების და ქალაქების განვითარების პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოები, პროექტი 4 კომპონენტიანია, რომელიც ეხება ბულვარის გაგრძელებას, მის ისტორიული სახის დაბრუნებას, პიაცას კონცეფციით ე.წ. სკეიტპარკის განვითარებას, ფუნიკულიორის რეაბილიტაციას და ცენტრში მდებარე მრავალბინიანი კორპუსების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციას. ბოლო ორი პროექტის სამუშაოები ფაქტიურად დაწყებულია გაიცა უკვე სამშენებლო ნებართვა. ამ მასშტაბის სამუშაოებით ზუგდიდი მოლოდინშია განახლების, ახალი ეტაპის. ჩვენი მოსახლეობა 2024 წელს უკვე ხელშესახებად ნახავს ამ მნიშვნელოვან პროექტებს.ოთხ კომპონენტიანი პროექტის ღირებულება 35 მილიონი ლარია და მას მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს“ – განაცხადა ზუგდიდის მერმა მამუკა წოწერიამ გადაცემა „მაესტრო“ რეგიონებში ჩართვის დროს.




