მტკვარში სამ ზუგდიდელ ახალგაზრდას ეძებენ

მეხანძრე-მაშველები მტკვარში 25 წლამდე ასაკის სამ ახალგაზრდას ეძებენ, რომლებიც ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მდინარეში გადავარდნილ ავტომობილში იმყოფებოდნენ. სამივე მათგანი ზუგდიდელია.
თვითმხილველების ინფორმაციით, მანქანაში თავდაპირველად 4 პირი იმყოფებოდა, საიდანაც მაშველებმა 1 პირის გამოყვანა შეძლეს. მოქალაქე გ.თ. ასვეე ზუგდიდის მკვიდრია.
„ვისაც ეძებენ, სამივე 20-დან 25 წლამდე ასაკის არის. ორი გადმოხტა და ერთის გადარჩენა შეძლეს, მეორე წყალმა წაიღო”, – აღნიშნავენ თვითმხილველები „პალიტრასთან“ საუბარში.
მდინარე მტკვარში მიმდინარე სამაშველო ღონისძიების ფარგლებში მტკვრის კალაპოტში წყლის დონე შეამცირეს ბუნებრივ ნიშნულამდე.
პოლიციამ თბილისში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე 1 პირი დააკავა. როგორც უწყებაში განმარტავენ, აღნიშნულმა პირმა მისი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილით გადაადგილებისას, ავარიული ვითარება შეუქმნა სხვა ავტომობილს, რომლის მძღოლმაც საჭე ვერ დაიმორჩილა და მდინარე მტკვარში გადავარდა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი 2002 წელს დაბადებული ი.ს. დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ი.ს. – მ მისი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილით გადაადგილებისას, ავარიული ვითარება შეუქმნა სხვა ავტომობილს, რომლის მძღოლმაც საჭე ვერ დაიმორჩილა და მდინარე მტკვარში გადავარდა“ – ვრცლად შსს-ის განცხადება იხილეთ




