25 ნოემბერს, XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართება

25 ნოემბერს XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართება. პარლამენტი პირველ სხდომაზე უფლებამოსილია მუშაობას შეუდგეს, თუ მას ახალარჩეული პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა – 76 დეპუტატი ესწრება. თავდაპირველად, პარლამენტის აპარატი, ცესკოს მიერ გაცემული დროებითი მოწმობების საფუძველზე, პარლამენტის წევრთა რეგისტრაციას განახორციელებს, პარლამენტის წევრები სხდომაზე დასწრებას სარეგისტრაციო ფურცელზე ხელის მოწერით დაადასტურებენ.
პარლამენტის პირველ სხდომაზე ორი დროებითი კომისია – ხმის დამთვლელი კომისია და სამანდატო კომისია შეიქმნება.
რეგლამენტის გათვალისწინებით, დროებითი ხმის დამთვლელი კომისია 11 წევრის შემადგენლობით ირჩევა და ბიულეტენების მომზადებას, დარიგებასა და კენჭისყრის პროცესს ხელმძღვანელობს, თვალყურს ადევნებს და ითვლის ხმებს ღია ან ფარული კენჭისყრის დროს. დროებითი ხმის დამთვლელი კომისია საქმიანობას ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომაზე დამტკიცებული დღის წესრიგის ამოწურვისთანავე შეწყვეტს.
რაც შეეხება პარლამენტის დროებით სამანდატო კომისიას, ის 17 წევრის შემადგენლობით იქმნება და უფლებამოსილება საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დაკომპლექტებისთანავე შეუწყდება.
რეგლამენტის მიხედვით, ცესკოს თავმჯდომარე პარლამენტს არჩევნების შედეგებს გააცნობს და სამანდატო კომისიას პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ცნობისთვის საჭირო დოკუმენტაციას გადასცემს. თავის მხრივ, დროებითი სამანდატო კომისია დოკუმენტებს შეისწავლის და შედეგებს დადგენილების პროექტში ასახავს. პარლამენტი პარლამენტის წევრთა უფლებამოსილებას, დროებითი სამანდატო კომისიის მიერ წარდგენილი ერთიანი სიით, დადგენილებით სცნობს.
ახალარჩეული პარლამენტი პირველ სხდომაზე საკითხებს შემდეგი თანამიმდევრობით განიხილავს: – აირჩევს პარლამენტის თავმჯდომარეს, ვიცე-სპიკერებს და კომიტეტების თავმჯდომარეებს. პარლამენტის პირველი სხდომა აღნიშნული საკითხების ამოწურვამდე გაგრძელდება.
ცესკოს ოფიციალური შედეგების თანახმად, XI მოწვევის პარლამენტში ხუთი პოლიტიკური სუბიექტი შევიდა. სახელისუფლო უმრავლესობა პარტია “ქართულმა ოცნებამ“ შეინარჩუნა, რომელიც 89 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი. 19 მანდატი აქვს “კოალიციას ცვლილებებისთვის“, 16 მანდატი – “ერთიანობა – ნაციონალურ მოძრაობას“. პარლამენტში 14 წევრის შეყვანა შესძლო “ძლიერმა საქართველომ“, ხოლო პარტიას “გახარია საქართველოსთვის“ 12 მანდატი მიენიჭა.




