ზუგდიდის საკრებულოს ყოფილი თანამშრომელი მიიჩნევს რომ მელიასთან გადასვლის გამო ანა წითლიძემ მოახსნევინა

ზუგდიდის საკრებულოს ხელშეკრულებით აყვანილ თანამშრომელს, მაია კუკავა, რომელიც საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანაშემწის პოსტზე გახარიას პარტიისა და ნაციონალური მოძრაობის მიერ საკრებულოში თანამდებობების გადანაწილების შემდეგ დაინიშნა ხელშეკრულება აღარ გაუგრძელეს.
მაია კუკავა ახლა ნიკა მელიას ფლანგშია და მიიჩნევს, რომ მას ამის გამო ახლა ენმ-ის ხელმძღვანელობა სჯის.
„როდესაც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო შედგა როგორც ოპოზიციური, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მოთხოვნა გაითვალისწინა საკრებულოს უმრავლესობამ და დავინიშნე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეების თანაშემწის პოზიციაზე. 2012 წლიდან, რაც ბიძინა ივანიშვილი მოვიდა ხელისუფლებაში, აქტიურად ვიყავი ჩართული უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლაში, ვიბრძოდი იმ ადამიანების გვერდით, ვისიც მჯეროდა. როდესაც ხაბეიშვილი მოვიდა ენმს თავმჯდომარედ, ბევრი რამ შეიცვალა პარტიაში, მიდგომები ერთმანეთის მიმართ, ადამიანური დამოკიდებულებები, წავიდა დაკითხვები და მუქარები, რაც ძალიან დამამცირებელი აღმოჩნდა ჩემთვის. ამიტომაც დავდექი იმ ადამიანებთან, რომლებმაც დატოვეს პარტია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, საქართველოს პარლამენტის წევრობა არის უდიდესი პასუხისმგებლობის საქმე ყოველმხრივ, მით უმეტეს, ოპოზიციური პარტიიდან და პირად მიმოწერებში, ანა წითლიძის მიერ ჩემთვის გამოგზავნილი წერილები, არის დასტური იმისა, რომ ამ ადამიანს საერთოდ არ ესმის სად იმყოფება და მისი ბრძოლა არის მხოლოდ მოჩვენება და ფარსი.
გუშინ რაც მოხდა საკრებულოს კომისიის სხდომაზე, ეს ყველაფერი მოხდა მისი და ზაზა გოროზიას კარნახით, რომელმაც, გუშინ დილით, ინსტრუქტაჟი ჩაუტარა კომისიის წევრებს.
ზაზა გოროზიამ და წითლიძემ ჩათვალეს, რომ დაგვსაჯეს ისინი, ვინც არ დავრჩით იმ სიმახინჯეში, რომელიც შეიქმნა პარტიაში,“ წერს მაია კუკავა.
კუკავა ასევე აქვეყნებს მასსა და პარლამენტის წევრ ანა წითლიძეს შორის მიმოწერას: „ფართო საზოგადოების წინაშე გამომაქვს ერთ-ერთი ამონარიდი ანი წითლიძისა და ჩემი მიმოწერიდან. ბოდიშს გიხდით ყველას იმ სიტყვებისთვის, რაც აქ წერია, ვთვლი, რომ ეს ყველამ უნდა იცოდეს, თუ ვინ არის სინამდვილეში ეს კანონმდებელი.“ – წერს მაია კუკავა.





