ოცინდალეს ისტორიულ ტაძრამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია იწყება

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში სოფელ თაიაში, წ.მ. გიორგის სახელობის ოცინდალეს ეკლესიამდე გზის რეაბილიტაცია მოხდება. ტენდერი აღნიშნული გზის მშენებლობაზე უკვე გამოცხადდა, ისტორიულ ტაძრამდე მისასვლელი გზაზე ბეტონის საფარი მოეწყობა, რისთვისაც 2 649 916 ლარია გამოყოფილი. ტენდერზე წინადადების მიღება 2 თებერვალს დასრულდება.
ოცინდალის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ თაიაში, ზღვის დონიდან 756 მეტრზე მდებარეობს. თქმულების თანახმად ერთთავიანი ბაზილიკის ტაძრის განახლება დაკავშირებულია თამარა მეფის სახელთან. თუმცა აქ აქ ნატაძრალი ადრეულ ქრისტიანულ ეპოქაშიც იყო.
1887 წელს გაზეთ ,,მწყემსში’’ ოცინდალეზე წერილი გამოაქვეყნა, მისი შინაარსით ეკლესიის ეზოში წარწერებიანი ქვაა, რომელსაც აწერია: ,,ეკლესია განვაახლე მე ღვთის მოსავმა თამარ დედოფალმა“ – ეს ქვა ამჟამად დაკარგულია. საქართველოს ხელოვნების მუზეუმში დაცულია ოცინდალეს წმიდა გიორგის ეკლესიის ვაზის კარები. დათარიღებულია მე-11 საუკუნით.
ოცინდალეს წმიდა გიორგის ეკლესიის გვერდით დგას კოშკი. კოშკს, ძირითადად ოცინდალეს ეკლესიის დაცვის ფუნქცია ჰქონდა დაკისრებული. ყირიმის ომის დროს, როდესაც სამეგრელოში თურქთა ჯარი შემოიჭრა, სამეგრელოს ეკლესიების განძეულობა ოცინდალეს ეკლესიაში ინახებოდა.
ტაძარის მიმართ განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენენ ტურისტები. ტაძრიდან იშლება კოლხეთის დაბლობი, ეგრისის ქედი, ჩანს ზღვის ზოლიც. მომლოცველები კი ტაძარში გიორგობის დღესასწაულს განსაკუთრებულად აღნიშნავენ, სოფლის ყველა სახლში ამ დღეს სუფრა გაშლილია, ჭიშკარი გაღებული და ყველა ოჯახი მოსალოცად მისულ სტუმარებს მასპინძლობს.
2015 წელს მოხდა ოსინდალეს ეკლესიის ცენტრალური დარბაზის ინტერიერის ქვის საპირე წყობის რეაბილიტაცია, ტაძრამდე მისასვლელ გზაზე მოეწყო გრუნტის საფარი და მაღალი გამავლობის ავტომობილებისთვის შესაძლებელი გახდა ტაძრამდე მისვლა, მანამდე ტაძრამდე მგზავრობა ცხენით ან ფეხით იყო შესაძლებელი.



