ქართული თეატრების კვლევაში ზუგდიდის თეატრს მკვეთრი რეიტინგული ზრდა აქვს

ქართული თეატრის კვლევის ცენტრმა, კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით 2022-2023 წლის, ქართული თეატრის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. ის მოიცავს 41 სახელმწიფო, მუნიციპალური და კერძო თეატრების ბოლო ორი წლის მონაცემებს. მათ შორის არის ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი, რომელსაც სხვადასხვა ნომინაციაში მკვეთრი რეიტინგული ზრდა აქვს და წამყვან პოზიციებს იკავებს.
კვლევის მიხედვით, ირკვევა, რომ ზუგდიდის თეატრში, წლის განმავლობაში, გაზრდილია წარმოდგენების, ასევე გაყიდული ბილეთების და დამსწრე მაყურებლის რაოდენობა. მომატებულია ახალი სპექტაკლების სტატისტიკაც.
2023 წლის თეატრის მონაცემები კი ასეთია:
- სპექტაკლის პრემიერა – 5
- რეპერტუარში არსებული სპექტაკლების რაოდენობა – 17
- წარმოდგენების რაოდენობა – 79
- გაყიდული ბილეთების რაოდენობა – 6 485
- დამსწრე მაყურებლების რაოდენობა – 7530
- წლის ლიდერი სპექტაკლი “კატოს ნატვრა” – 15 წარმოდგენა, გაყიდული 2093 ბილეთი.
- ქვეყნის შიგნით გასტროლების რაოდენობა – 6 გასტროლების ფარგლებში, ჩატარებული წარმოდგენის რაოდენობა – 12
- ქვეყნის გარეთ გასტროლები 1 და ჩატარებული 1 წარმოდგენა.
stv-თან საუბრისას, ლაშა შეროზია, რომელიც კვლევის პერიოდში ზუგდიდის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი იყო, აცხადებს, რომ ბოლო 4 წლის განმავლობაში თეატრის რეიტინგი, დადგმული პრემიერების, გაყიდული ბილეთების, დამსწრე მაყურებლის, ადგილობრივი თუ საერთაშორისო გასტროლების შედეგები საკმაოდ გაუმჯობესებულია, რაც დასის ერთობლივი შრომის და მაყურებლის ერთგულების შედეგია.
„მკვეთრად გაუმჯობესებული არის შედეგები. ძალიან ბევრი ვიშრომეთ ბოლო, 4 წლის განმავლობაში. პლუს ამად, ჩვენ პანდემიური პერიოდი დაგვემთხვა, როგორც ყველას რა თქმა უნდა, ის ორი წელიწადი, მე რომ დავინიშნე უძრაობის პერიოდი იყო და მიუხედავად ამისა, მაინც ბევრი მოვახერხე რომ სპექტაკლები გაგვეკეთებინა. რეალურად, ჩვენი შედგები არის ის, რომ მაყურებლის დასწრება გაოთხმაგდა და გახუთმაგდა. Ძალიან ბევრი საინტერესო რეპერტუარი გვაქვს, , მოზარდებისთვისაც შევქმენით საბავშვო სპექტაკლები. დავამატეთ სეანსები სკოლებისთვის, ბაღებისთვის. ყველაზე რეიტინგული სპექტაკლი “კატოს ნატვრა”, მცირე თანხით შევძელით დაგვედგა. ყველაზე გაყიდვადი აღმოჩნდა და ძალიან საინტერესო უმცროსკლასელებისთვის. რეალურად შედეგები ჩვენს პირობებში, არის ძალიან მაღალი და ეს შედეგები 4 წლის მანძილზე საკმაოდ გაუმჯობესებულია”,- განაცხადა ლაშა შეროზიამ.
ზუგდიდის თეატრი, ამჟამად, კულტურის სახლის ყოფილ შენობაში მართავს რეპეტიციებს და სპექტაკლებს. ახალი თეატრის მშენებლობა, ფონდ ” ქართუ“-ს დაფინანსებით ხორციელდება. წლების განმავლობაში, ზუგდიდის თეატრის შენობა ავარიული იყო და იქ, სპექტაკლების გამართვა საფრთხეს წარმოადგენდა. ფონდი “ქართუ” – ს დახმარებით, კი ზუგდიდს მალე ევროპული სტანდარტების თეატრი ექნება.

მსგავსი სიახლეები

„ქართული ოცნების“ ზუგდიდის ზუგდიდის მერობის კანდიდატი დათო კოდუა საარჩევნო კამპანიას აჯამებს


