ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის პოსტზე გიორგი კეკელიძეს კონსტანტინე გამსახურდია შეცვლის

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის პოსტზე გიორგი კეკელიძეს საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას უფროსი ვაჟი კონსტანტინე გამსახურდია შეცვლის. ინფორმაციას ადასტურებს თავად გამსახურდია, მისი განმარტებით, შემოთავაზება პარლამენტის თავმჯდომარისგან მიიღო.
კონსტანტინე გამსახურდიას კანდიდატურის დასახელებამდე ეროვნული ბიბლიოთეკის მოქმედმა დირექტორმა გიორგი კეკელიძემ განაცხადა, რომ მას დაკავებული თანამდებობიდან წასვლაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ესაუბრა. შეხვედრისა და საუბრის შინაარსზე კეკელიძემ ფეისბუკში დაწერა.
“პარლამენტის თავმჯდომარე შემხვდა და მითხრა, რომ უნდა წავიდე დაკავებული თანამდებობიდან, რადგან 11 წელი ბევრია, მიუხედავად იმისა, რომ კარგად ვმუშაობდი და განახლების დროა. მე მშვიდად ვუთხარი, რომ იურიდიულად ეს მისი გადასაწყვეტია, მაგრამ არსებობს სხვა სამართალი და ამ სამართლით, ეს არის ძალიან დიდი უსამართლობა”, – წერს კეკელიძე.




