რა ცვლილებები შევიდა წყლის რესურსების მართვის კანონში – შეხვედრა ზუგდიდში გაიმართა

წყლის რესურსების მართვის ახალი კანონის გაცნობის მიზნით, რეგიონებში შეხვედრები დაიწყო.
ქალაქ ზუგდიდში, წყლის რესურსების მართვის ახალი კანონის შესახებ გამართული პირველ ფორუმს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, პირველი მოადგილე ნინო ვიბლიანი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი ესწრებოდნენ.
მინისტრის პირველმა მოადგილემ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების ადგილობრივი თვითმმართველობის, ბიზნესისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს ახალი კანონის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და ფორუმის მონაწილეების შეკითხვებს უპასუხა.
აღნიშნული კანონის ამოქმედება 2026 წლიდან არის გათვალისწინებული და პროცესებში ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობას გულისხმობს. შეხვედრები სხვადასხვა რეგიონში მომავალშიც გაიმართება, რათა ადგილობრივი ხელისუფლება ახალ კანონს მომზადებული შეხვდეს.
ფორუმი აშშ-ის განვითარების სააგენტოს (USAID) ეკონომიკური მმართველობის პროგრამის და არასამთავრობო ორგანიზაციის „გარემო და განვითარება“ ერთობლივი პროექტის „წყლის რესურსების მართვის შესახებ კანონის მოთხოვნების განხორციელების და ინფორმირებულობის ხელშეწყობა საქართველოს მუნიციპალიტეტებში“ ფარგლებში გაიმართა.
საქართველოს პარლამენტმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შემუშავებული წყლის რესურსების მართვის შესახებ ახალი კანონი 2023 წელს დაამტკიცა. კანონი წყლის რესურსების სფეროში მნიშვნელოვან ცვლილებებს ითვალისწინებს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის ახალი კანონის შესახებ ინფორმაციის მიწოდების საკითხზე აქტიურად მუშაობენ.



