„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ზუგდიდის საკრებულოში აქამდე არ არსებული შტატი შექმნა – ნაცაქტივის დასაქმებას მხარი გახარიას პარტიამაც დაუჭირა

„ნაციონალური მოძრაობისა“ და გახარიას პარტიის მიერ თანამდებობა გადანაწილებულ ზუგდიდის საკრებულოში, ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის ინიციატივით ახალი 1500 ლარიანი სამუშაო შტატი შეიქმნა. ეს მაშინ როდესაც ფრაქცია კადრების ოპტიმიზაციაზე მხოლოდ პოპულისტურ განცხადებებს საკუთარ ტელევიზიებთან აკეთებდა.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ფრაქციისთვის კონსულტანტის შტატი დაიმატა, რაც აქამდე ზუგდიდის საკრებულოში არცერთ პოლიტიკურ ჯგუფს არ ქონია. საჭიროებაზე ან აუცილებლობაზე პარტიას განმარტებები არ გაუკეთებია, ენმ-ს თავმჯდომარე მხოლოდ კონტრშეტევით შემოიფარგლა. სხდომაზე ისიც ითქვა, რომ შერჩეულ კანდიდატს გასაუბრებაც კი გავლილი აქვს, ამ დროს კი შტატის მიღება მხოლოდ დღეს მოხდა.
დღევანდელ გადაწყვეტილებას ხმაური მოჰყვა ზუგდიდის საკრებულოს სხდომაზე, „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ – მომხდარი კიდევ ერთხელ მოწმობს, იმას რომ შტატის დამატება წინასწარ განსაზღვრული პირისთვის სამსახურის შესაქმნელად ფორმალურად მოხდა. „ქართული ოცნების“ წევრები „ნაციონალებისა“ და „გახარიას“ ტანდემით შექმნილ ზუგდიდის საკრებულოს უმრავლესობას პოლიტიკური აქტივის დასაქმებასა და კანონდარღვევაში ადანაშაულებენ.
„საკრებულოში შეიქმნეს ახალი შტატი რომელიც მათი ფრაქციის კონსულტანტის საქმიანობას გასწევს. ვიმეორებ – ეს არის მათი პარტაქტივისთვის შექმნილი შტატი და ამ შტატის შექმნას მხარი დაუჭირა გახარიას პარტიამაც – ანუ უფრო ცხადი რომ იყოს ნაცების აქტივისტის საჯარო სამსახურში დასაქმებას მხარი დაუჭირა გახარიას პარტიამ. ისინი არც მალავენ და ღიად კომისიის სხდომაზეც თქვეს რომ საჯარო სამსახურში ადამიანს ასაქმებენ მათი პოლიტიკური დავალებების შესასრულებლად, არადა ამას კრძალავს კანონი – პოლიტიკური დავალებები უნდა გასცენ პარტიის ოფისში და არა საკრებულოში საჯარო მოხელეებზე“ – აცხადებენ „ქართულ ოცნებაში“.
საკრებულოს ახალი თანამშრომელი პარტიულ დავალებებს შეასრულებს – ეს განცხადებაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს ეკუთვნით. კონკრეტულად კი განცხადება გიორგი სორდიამ საკრებულოს ბიუროს სხდომაზე გააკეთა.
„ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისთვის ახალი თანამდებობის შექმნას მხარი დაუჭირა ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას პარტიის სამივე წევრმა. მეტიც მათ საკრებულოს სხდომაზე ახალი შტატის შექმნაზე კითხვაც კი არ გასჩენიათ.
პარტიული საქმიანობის შესასრულებლად საჯარო სამსახურისა და საჯარო მოხელის გამოყენებას კანონი კრძალავს.




