„წისქვილარაჰესი“ მდ. წისქვილარაზე-წინასწარი ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების ანგარიშის განხილვა მოხდა

„წისქვილარაჰესი“ მდ. წისქვილარაზე-წინასწარი ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების ანგარიშის განხილვა მოხდა
ჯგალის ადმინისტრაციულ ერთეულში ჯგალი-ჰესის მშენებლობაზე შედგენილია პროექტი,რომელთან დაკავშირებთაც მოსახლეობასთან შეხვედრები და მსჯელობა არაერთხელ გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას წალენჯიხის მერია ავრცელებს.
„დღეს,3 მაისს, პროექტი წარმოადგინა შვეიცარიულმა კომპანია-stucky-მ
პროექტის განხორციელებაზე კი იმუშავებს კომპანია შპს “გოტა21”.
შეხვედრას ესწრებოდნენ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ხარჩილავა,მერის პირველი მოადგილე ივანე ბურდული, მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მ/შ ალბერტ ჭანია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი ნუგზარ გაბელია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი ირაკლი ცანავა, მერის წარმომადგენელი ჯგალის ადმინისტრაციულ ერთეულში ლევან კვარაცხელია და სხვა პირები.
პროექტის ღირებულება 4 მილიონამდე აშშ დოლარია, სიმძლავრე 2700 კილოვატ საათი.
პროექტის მიხედვით წისქვილარას წყლის გამოყენება მოხდება.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა. პროექტის წარმომდგენმა ისაუბრა ჰესის დადებით მხარეზე, მოსახლეობის დასაქმებაზე და ამავდროულად ენერგოდამოუკიდებლობაზე.
მოსახლეობამ პროექტის განხორციელების დროს შესაძლო პრობლემები დაასახელა და მათი მოთხოვნაა, არ მოხდეს წისქვილარას წყლის დონის შემცირება ისე,რომ ზიანი მიაყენოს გარემოს.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ პროექტის მიმდინარეობისას მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული გარემოს დაცვის საკითხები.
თუ აღნიშნული პროექტი მისაღები გახდება, როგორც მოსახლეობისთვის, ასევე ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლებისთვის, „წისქვილარაჰესი“ პროექტის ამოქმედება უახლოეს პერიოდში დაიწყება.
ჰესის მშენებლობისას კი დასაქმდება 50-მდე მუშახელი,ხოლო მისი დასრულების შემდეგ, მუდმივი სამუშაო ადგილი 10-მდე ადგილობრივ მუშახელს ექნება.” – ნათქვამია წალენჯიხის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.





