სენაკის მერმა 100%-იანი გრანტის მფლობელ სენაკელ კურსდამთავრებულებს ერთჯერადი ფულადი ჯილდოები გადასცა

სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსთან, გივი მისაბიშვილთან და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად, 100%-იანი გრანტის მფლობელ წარმატებულ სენაკელ კურსდამთავრებულებს, ასევე, საჯარო და კერძო სკოლების დირექტორებს შეხვდა.
2022 წლის ეროვნულ გამოცდებზე 100%-იანი დაფინანსების გრანტი მოიპოვეს საჯარო და კერძო სკოლების კურსდამთავრებულებმა: გიორგი გეგენავამ, გვანცა კუპრეიშვილმა, ტატო ალანიამ, ცოტნე ეჯიბიამ, გიგი ყურაშვილმა, თამარ ალანიამ, თამარ დადიანმა, ნინო გაბელიამ, ლიზი კოკაიამ, ანდრია ხარბედიამ, გოგა წოწერიამ, დათო შონიამ, ლიზი ღვინჯილიამ, კესო ტყებუჩავამ.
მუნიციპალიტეტის მერმა, ახალგაზრდებს, რომლებმაც ეროვნულ გამოცდებზე საუკეთესო შედეგები აჩვენეს, მოპოვებული წარმატებები მიულოცა და ერთჯერადი ფულადი ჯილდოები გადასცა.
,,წელს, სენაკში, გრანტოსანთა განსაკუთრებული სიმრავლეა, რაც გვახარებს და ხაზს უსვამს იმას, რომ ჩვენი ახალგაზრდების უმთავრესი ღირებულება ცოდნაა. განათლების მიღებაზე მოტივირებული თაობა კი ქვეყნის უკეთესი მომავლის ფუნდამენტია. თქვენს ცხოვრებაში პროფესიული განვითარების ახალი ეტაპი იწყება. წარმატებებს გისურვებთ პროფესიულ სრულყოფაში, ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ. ჩემი დიდი სურვილია, წლების შემდეგ, დაუბრუნდეთ მშობლიურ სენაკს და თქვენი პროფესიონალიზმი მის განვითარებას მოახმაროთ – აღნიშნა შეხვედრაზე მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ.




