სენაკში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო და აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს

სენაკის მუნიციპალიტეტში, ქალაქად და ადმინისტრაციულ ერთეულებში, სტიქიის შედეგად დაზიანებულ ლოკაციებზე, სალიკვიდაციო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, სტიქიის სალიკვიდაციო და აღდგენით სამუშაოებს, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ხელმძღვანელობს.
22 ივნისს, ძლიერი წვიმისა და წყალმოვარდნების შედეგად, სენაკში, ქალაქის ცენტრალური ქუჩები დაიტბორა, წყალი შევიდა საცხოვრებელი სახლების პირველ სართულებზე. სტიქიამ დააზარალა მუნიციპალიტეტის სოფლებიც – დაზიანდა ხიდები, შიდა გზები, დაიტბორა სავარგულები. სტიქიის პირველივე წუთებიდანვე, მუშაობის საგანგებო რეჟიმზეა მუნიციპალიტეტის სამსახურები.
შეიქმნა მოხალისეობრივი ჯგუფები, რომლებიც დატბორილ კერძო სახლებს, ეზოებს და ქუჩებს შლამისა და ინერტული მასალისგან ასუფთავებენ. გაწმენდით სამუშაოებში ჩაერთნენ მოხალისეები – სამეგრელოს მუნიციპალიტეტებიდან და „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები. სენაკის სოფლებსა და ქალაქში მიყენებულ ზარალს ითვლის სტიქიით მიყენებული ზარალის დამთვლელი კომისია.




