კრიზისის ზღვარზე – რას ვერ იყოფენ ზუგდიდის საკრებულოში?

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ისევ კრიზისია. მიუხედავად იმისა, რომ საკრებულომ თავმჯდომარე აირჩია გაუგებრობებს და ბოიკოტებს თავს ვერ აღწევს. ფაქტიურად შეიძლება ითქვას, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტს საკრებულო აღარ ჰყავს.
ხალხის მიერ არჩეულ და დაკომპლექტებულ საკრებულოს ჯერ არც ერთი გადაწყვეტილება მათი ამომრჩევლების სასარგებლოდ არ მიუღია. მეტიც, მათ პრობლემებზე და სჭიროებებზე არც კი უმსჯელია.
საკრებულოს მთავარი ამოცანა ჯერ კიდევ თავმჯდომარის მოადგილეების არჩევა, კომისიების დაკომპლექტება და თანამდებობების გადანაწილებაა.
მიუხედავად იმისა, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ თავმჯდომარის სავარძელი “გახარიას” პარტიის წარმომადგენელს გიგა ფარულავას უბოძა, მათ შორის ბზარი ისევ გაჩნდა.
რატომ?
მოდით მივყვეთ ქრონოლოგიას.
სანამ საკრებულოში თავმჯდომარის არჩევაზე “ნაციონალური მოძრაობა” და “გახარია საქართველოსთვის” შეთანხმდებოდნენ, მათ შორის სიტყვიერი შეთანხმება არსებობდა, რომ არც ერთ სხვა თანამდებობას პოლიტიკურ ველზე შემოსული ახალი პარტი არ მოითხოვდა. იყო მხოლოდ ერთი შეთანხმება, რომ ეყოლებოდათ ერთი მოადგილეც, თუმცა ეს არ იქნებოდა პირველი მოადგილე. რაც შეეხება კომისიებს, მათ მხოლოდ და მხოლოდ “ნაციონალური მოძრაობა” დააკომპლექტებდა.
ამის შემდეგ “ნაციონალურმა მოძრაობამ” შეთამხმება შეასრულა და ერთხმად, ოცდაორივე წევრმა გიგა ფარულავას დაუჭირა მხარი. კენჭისყრაში მონაწილეობა “ქართულ ოცნებას” არ მიუღია.
გიგა ფარულავამ არჩევიდან ზუსტად ერთ საათში დაიკავა საკრებულოს თავმჯდომარის კაბინეტი და ამავე კაბინეტში სტუმრად საკუთარი თანაპარტიელები მილოცვის ტექტებით მიიღო.
მომდევნო საკრებულოს სხდომამდე “ნაციონალურ მოძრაობასა” და “გახარიას პარტიის წარმომადგენლებს შორის კიდევ ერთი “სხადნიაკი” საკრებულოს თავმჯდომარის ოთახში შედგა. მოლაპარაკებებში აქტიურად იყო ჩართული ზუგდიდის ყოფილი მერი გეგა შენგელია, რომელსაც მერობის შემდეგ საკრებულოს ადმინისტრაციის ხელმზღვანელობაზეც გაეხსნა მადა, თუმცა “ნაციონალური მოძრაობა” ამაზე დღემდე უარზეა.
მომდევნო საკრებულოს სხდომაზე კი ახალი საკრებულოს თავმჯდომარის “ნდობით აღჭურვილმა” დეპუტატებმა მას მემორანდუმი წარუდგინეს.
“ნაციონალურმა მოძრაობამ” უარი თქვა მხოლოდ საწვავზე და მანქანებზე. ამასთან ერთად ზუგდიდის მერიის აიპების რეორგანიზაცია და საკრებულოს აპარატის რეორგანიზაციაც მოითხოვეს. მათ მიერ არჩეულმა თავმჯდომარემ კი მემორანდუმის ფურცელი ოთხად გაკეცა და ჯიბეში ჩაიდო. “ნაციონალებმა” სხდომა დატოვეს და დაიბარეს, სანამ მათი მოთხოვნები არ შესრულდებოდა სხდომებს არ დაესწრებოდნენ.
რას ითხოვს “ნაციონალური მოძრაობა” და რა სურს საკრებულოს თავმჯდომარის გუნდს?
“ნაციონალური მოძრაობის” სურვილია ზუგდიდის საკრებულოში ყველა მაღალი რანგის თანამდებობა მხოლოდ მათი იყოს, საუბარია კომისიების დაკომპლექტებაზე, ასევე მათი მოთხოვნაა საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე იყოს მათი პარტიის წარმომადგენელი.
რაც შეეხება გახარიას გუნდს, როგორც “ნაციონალური მოძრაობის” კულისებში ამბობენ, გარიგება დაარღვიეს. თუ საკრებულოს თავმჯდომარის არჩევამდე ყველაფერზე თანხმდებოდნენ, ახლა ყველაფერი შეიცვალა. ჩვენი სანდო წყარო გვიყვება, რომ საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილეობა გახარიას გუნდის წევრს, სუსის ყოფილ უფროსს, ასევე ყოფილ გუბერნატორს მალხაზ თორიას სურს. თუ კი ადრე კომისიებზე უარს ამბობდნენ, ახლა მადა ერთ კომისიაზეც აღეძრათ. წყაროს ცნობით, განათლების და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიაზე პრეტენზია გახარიას გუნდის კიდევ ერთ წევრს, ბელა მოსიას აქვს.
“ნაციონალური მოძრაობა” თვლის, რომ ეს გარიგებული პარტიისგან ზედმეტია და მათ შორის ამ კუთხით შეთანხმება არასოდეს მოხდება.
რა ხდება “ნაციონალური მოძრაობის” კულუარებში?
“ნაციონალური მოძრაობიდან” ზუგდიდის საკრებულოში შესული დეპუტატები ორ ჯგუფად არიან დაყოფილი. ერთი ჯგუფი მომხრეა, რომ არ ჩაისხან საწვავი, არ ისარგებლონ სხვა ფუფუნებით და დასჯერდნენ ხელფასებს, თუმცა მეორე ჯგუფისთვის ეს მიუღებელია.
“ის ხალხი, რომელიც ხელფასს ლამის ორი ათას ლარამდე ირებს საკრებულოში ტანხმდება ამ პიარულ კამპანიას, თითქოს ფუფუნებაზე უარს ამბობენ, მაგრამ რა ქნას იმ ხალხმა, რომელმაც მხოლოდ 700 ლარად უნდა იაროს? ამაზე დიდი უთანხმოებებია”-ამბობს stv-ს წყარო.
რას უნდა ველოდეთ ზუგდიდის საკრებულოში?
თუ “ნაციონალური მოძრაობა” არ მიიღებს იმას რასაც ითხოვს, ამბობენ რომ გიგა ფარულავა დაკავებულ თანამდებობას დაემშვიდობება.
ჩვენი წყაროს მტკიცებით, ამ გადაწყვეტილებაში შესაძლოა იმპიჩმენტს მხარი “ქართული ოცნების” დეპუტატებმაც დაუჭირონ. სხვა სიტუაციაში, ზუგდიდის საკრებულოში ისევ კრიზისი შეიქმნება რაც გარანტი იქნება ხელახალი არჩევნების.
“ნაციონალურ მოძრაობას” არც ხელახალი არჩევნები აშინებს, თუმცა “ქართული ოცნება” დარწმუნებულია, რომ ზუგდიდის საკრებულოში 22 დეპუტატით შესული პარტია შემოდგომამდე 10 დეპუტატსაც ვერ შეიყვანს. ფაქტი ერთია, ამომრჩევლები, რომლებმაც საკუთარი არჩევანით საკრებულო დააკომპლექტეს უფუნქციო საკანონმდებლო ორგანოს ამარა რჩებიან.
თუ რა იქნება სამომავლოდ ამას დრო გვიჩვენებს.




