ჟიული შარტავას მშობლიურ სენაკში გმირის ხსოვნას პატივი მიაგეს

7 მარტს, საქართველოს ეროვნული გმირის, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწის – ჟიული შარტავას მშობლიურ ქალაქში, სამშობლოსთვის თავდადებული მამულიშვილის ბიუსტი გვირგვინებით შეამკეს და მის ხსოვნას პატივი მიაგეს: სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ, დავით კუხალეიშვილმა, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, გრიგოლ ბაღათურიამ, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლებმა.
გმირის მუზეუმში გამართულ ღონისძიებაზე ჟიული შარტავას თავდადების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის სენაკის საკათედრო ტაძარში, ჟიული შარტავასა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად აფხაზეთში დაღუპულ გმირთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი, ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა, იოანე კუპრეიშვილმა აღავლინა.
გმირის სახელობის სენაკის მეორე საჯარო სკოლაში, ჟიული შარტავას ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო – ,,უკვდავებაში გარდასული სიცოცხლე…“ გაიმართა. მეშვიდე კლასის მოსწავლეებმა გააცოცხლეს ჟიული შარტავას ცხოვრების გზა – ყრმობა, ოჯახი და გარემო, სადაც იგი ჩამოყალიბდა, მოღვაწეობის წლები, აფხაზეთში მისი გმირული აღსასრულის ამბავი… ამბავი კაცისა, ვინც, სულიერების მწვერვალს მიღწეულმა, მოწამეობრივი აღსასრულით, საოცარი მაგალითი დაგვიტოვა, მაგალითი, რომელიც გვავალებს, მაქსიმალური გავიღოთ ქვეყნის სასიკეთოდ, მისი გარდაუვალი გამთლიანებისა და შემდგომი განვითარებისთვის.




