სენაკის მერმა იაკობ გაგულაშვილს სენაკის საპატიო მოქალაქის წოდება მიანიჭა

სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ, გამორჩეული ღვაწლისა და ქართულ-ებრაული 26 საუკუნოვანი უნიკალური ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი უმნიშვნელოვანი წვლილისთვის, სენაკის საპატიო მოქალაქის წოდება მიანიჭა ძირძველ სენაკელს, მსოფლიოს ქართველ ებრაელთა მთავარ რაბინს, იერუშალაიმის და აშდოდის მთავარ რელიგიურ მოსამართლეს, იაკობ გაგულაშვილს.
მუნიციპალიტეტის მერმა, მთავარ რაბინს საპატიო სენაკელის სიგელი და მედალი ქ. თბილისში, სიმბოლურად, ხანუქას დღესასწაულზე გადასცა.
,,ჩემთვის დიდი პატივია თქვენს წინაშე წარვდგე სენაკისა და სენაკელების სახელით. ებრაელ ხალხს, განსაკუთრებით – ჩვენს ქართველ ებრაელებს ვულოცავ ხანუქას – რწმენისა და განახლების დღესასწაულს. სენაკელებს განსაკუთრებული მეგობრობა გვაკავშირებს ებრაელ ხალხთან. ამ უნიკალური ურთიერთობის სიმბოლური გამოხატულებაა ჩვენს ქალაქში დამკვიდრებული სენაკელი ებრაელის საპატიო სტატუსი. მინდა გაუწყოთ, რომ მსოფლიოს ქართველ ებრაელთა მთავარ რაბინს, იაკობ გაგულაშვილს, გამორჩეული ღვაწლისა და ქართულ-ებრაული 26 საუკუნოვანი უნიკალური ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, გადავცემ სენაკის საპატიო მოქალაქის ტიტულს და შემდგომ წარმატებებს ვუსურვებ“ – აღნიშნა ვახტანგ გადელიამ.




