სოფელ ფოცხოეწერში „დევნილ მოზარდთა სამოქალაქო ჩართულობის სივრცე” გაიხსნა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ფოცხოეწერის დასახლებაში, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის მხარდაჭერით „დევნილ მოზარდთა სამოქალაქო ჩართულობის სივრცე” გაიხსნა.
პროექტი ითვალისწინებს სამეგრელოს რეგიონში, კერძოდ, ფოცხოეწერში მცხოვრები 4-17 წლის ასაკის დევნილი ბავშვებისა და მოზარდებისთვის სოციალური სივრცის შექმნას, მის კეთილმოწყობას და არაფორმალური, გასართობ-შემეცნებითი საგანმანათლებლო აქტივობების განხორციელების ხელშეწყობას.
გახსნის ღონისძიებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ნინო ვიბლიანი, აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
ახალგაზრდების სამოქალაქო ინტეგრაციის მხარდაჭერისათვის შეიქმნა შესაბამისი ფსიქოლოგიური და კეთილმოწყობილი, უსაფრთხო გარემო, რომლით სარგებლობაც ხელმისაწვდომია ფოცხო-ეწერში მცხოვრები დევნილი ბავშვებისა და მოზარდებისთვის, რაც თავის მხრივ მოიცავს ბენეფიციარების არაფორმალური განათლების მიღებას, ნიჭიერი ბავშვებისა და მოზარდების გამოვლინებას და მათი შემდგომი წინსვლის ხელშეწყობას, სამოქალაქო აქტიურობისათვის მოტივაციის ამაღლებას.






