„მადლობა მედიკოსებს“- მედიკოსებისადმი მიძღვნილი კონცერტი ზუგდიდში

ზუგდიდის ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის საკონცერტო დარბაზში, კამპანიის – „მადლობა მედიკოსებს“ ფარგლებში მედიკოსებისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა.
კონცერტში კულტურის ცენტრის ქორეოგრაფიული და ხალხური სიმღერის ანსამბლებმა მიიღეს მონაწილეობა.
“გამოვხატავ მადლიერებას მედიკოსების მიმართ, ადამიანების მიმართ, რომლებმაც ფიცით აღუთქვეს კაცობრიობას მზრუნველობა ადამიანის ჩასახვიდან ვიდრე მის გარდაცვალებამდე. თქვენა ხართ ადამიანები, რომლებთანაც დაკავშირებულია უამრავი გადარჩენილი სიცოცხლე, ახალი სიცოცხლის მოვლინება. ხშირად ხდება ისედაც, რომ თქვენა ხართ ის, ვისაც ამქვეყნიდან გამავალი ადამიანი უკანასკნელად ხედავს, ვიდრე წარსდგება უფლის წინაშე. ამას ძალიან დიდი ემოციური დატვირთვა ახლავს და სჭირდება უდიდესი სულიერი სიმტკიცე და ადამიანური გამძლეობა. მადლობა თქვენ ამ გამძლეობისთვის, თქვენი შრომისთვის.
თქვენი ფასი, თქვენი მნიშვნელობა განსაკუთრებულად მძაფრად გამოიკვეთა მას შემდეგ, რაც ჩვენ დავუპირისპირდით უხილავ მტერს, ახალ დაავადებას და მედპერსონალი, მთელი თავისი იერარქიით, თითქმის შიშველი ხელებით დადგა საბრძოლველად ამ უხილავი და უცნობი მტრის წინაშე. დიდი მადლობა ამისათვის, დიდი მადლობა იმისთვის, რასაც თქვენ ყოველდღიურად აკეთებთ, დაუღალავი შრომისთვის . ჩვენ დღევანდელი კონცერტით ვეცადეთ მოგანიჭოთ მცირეოდენი სიამოვნება, გამოვხატოთ უდიდესი პატივისცემა და მადლიერება. იმედია გამოგვივა და თქვენთვის დღევანდელი საღამო დარჩება კეთილსახსოვარად. და კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას ჩვენს შემოქმედებით კოლექტივს ამ მშვენიერი იდეისთვის და კონცერტიც იმედი გვაქვს შესაბამისი იქნება. დიდი მადლობა, მეგობრებო!”-ამ სიტყვებით მიმართა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა წოწერიამ მედიკოსებს.





