პარლამენტარმა ირაკლი ხახუბიამ სენაკში პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა

დღეს, ჟიული შარტავას სახელობის სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში, საქართველოს პარლამენტის წევრი, ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ხახუბია, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილესთან გრიგოლ ბაღათურიასთან, მოადგილესთან კახაბერ კუპრეიშვილთან და დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელთან შალვა სარდალიშვილთან ერთად, მუნიციპალიტეტის მერიის სამსახურების უფროსებს შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ინფრასტრუქტურული, სოციალური, კულტურულ-საგანმანათლებლო და სოფლის მეურნეობის სექტორებში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებს, ახალ ინიციატივებს, რომლებიც თითოეული მოქალაქის საჭიროებაზეა გათვლილი. ასევე, არსებულ გამოწვევებს და მათი გადაჭრის გზებს.
,,მოხარული ვარ, რომ სენაკის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, აქტიურად მიმდინარეობს განახლება-რეაბილიტაციის პროცესი და ყველა მნიშვნელოვანი პროექტი სწორედ მოსახლეობის საჭიროებაზეა გათვლილი.
ჩვენი მოქალაქეები ნათლად ხედავენ ძირეულ და სასიკეთო ძვრებს, თუმცა გამოწვევები კვლავაც არსებობს, რომელთაც ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, მოსახლეობის უშუალო ჩართულობით დროულად მოვაგვარებთ.
ჩვენს მოქალაქეებთან მექნება მუდმივი კომუნიკაცია, მაქსიმალურად გამოვიყენებ მანდატით გათვალისწინებულ შესაძლებლობებს. მზად ვარ დავდგე მოსახლეობის გვერდში და ბოლომდე დავიცვა მათი ინტერესები” – აღნიშნა ირაკლი ხახუბიამ.




