რატომ დაუპირისპირდნენ რეალურად ერთმანეთს სააკაშვილი, ვაშაძე და მელია

- ,,ნაციონალური მოძრაობის“ რღვევის პროცესი აქტიურ ფაზაში შედის. ამის ნათელი მაგალითია გრიგოლ ვაშაძის მიერ გაკეთებული განცხადება, რომ საჭიროა ქუჩის აქციების შეწყვეტა და ოპოზიციური პარტიების პარლამენტში შესვლა.
ანალიტიკოსების დიდი ნაწილი ობიექტურად მიიჩნევს, რომ ვაშაძე თავისით არ მოქმედებდა და მან ფეისბუკ გვერდზე დაწერა ის რაც მიხეილ სააკაშვილმა უკარნახა. ექსპრეზიდენტის ამ ქმედებასაც თავისი მიზეზი აქვს. ის ხედავს, რომ ქუჩის აქციებზე ნაციონალური მოძრაობის ახალი ლიდერი გამოიკვეთა და ის სააკაშვილისთვის ყველაზე არასასურველი კანდიდატი ნიკა მელიაა. ჩნდება ახალი საფრთხე, პარტიამ უარი თქვას უკრაინაში მყოფ ლიდერზე და ფსონი სწორედ მელიაზე დადოს. ამის შესახებ პარტიის შიგნით დიდი ხანია აქტიურად საუბრობენ, რასაც ინტერნეტ სივრცეში გავრცელებული სალომე სამადაშვილის ჩანაწერიც მოწმობს.
სწორედ ამიტომ დაუპირისპირდა ნიკა მელია გუბაზ სანიკიძეს, რომელმაც საჯაროდ განაცხადა მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების აუცილებლობაზე. მაშინ მელიამ სანიკიძეს მოგზავნილი და უსინდისო ადამიანი უწოდა. სააკაშვილი ვერ იტანს ჩრდილში ყოფნას. მას სურს, რომ ყოველთვის მოვლენების ეპიცენტრში იყოს და სამყარო მის ირგვლივ ტრიალებდეს. ასეთია ამ პოლიტიკოსის ნატურა.
ბოლო დროს განვითარებული მოვლენები კი საკმაოდ საგანგაშო სიგნალია მისთვის, ის პარტიაში არ სჭირდებათ. არ სჭირდებათ არა მხოლოდ ცენტრალურ ოფისში, არამედ ამ ტალღამ უკვე რეგიონებშიც გადაინაცვლა. პარტიის ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელმა ანა წითლიძემ და აქტიურმა ნაციონალმა მაია კალანდიამ გრიგოლ ვაშაძე უშვერი სიტყვებით გალანძღეს და მას პირველივე რეისით მშობლიურ მოსკოვში გაფრენა ურჩიეს. პოლიტიკაში გამოცდილების არმქონე ადამიანები ვერ მიხვდნენ, რომ იჩქარეს და ამით პირველ რიგში მიხეილ სააკაშვილს მიაყენეს დარტყმა და მისი პარტიიდან გარიდების პროცესს შეუწყვეს ხელი.
სააკაშვილი იბრძვის ყველა ხერხით, მისთვის ამ ეტაპზე ნომერ პირველი ამოცანა თავისი გავლენისა და პოზიციის შენარჩუნებაა. თუმცა მასაც ებრძვიან, ებრძვიან მისივე თანაგუნდელები, ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ მათი ლიდერი ძრავიდან მუხრუჭად იქცა.
2020-ის არჩევნები და მისი შედეგები უკვე მეორეხარისხოვანია. აქციაზე მყოფი პარტიების დიდი ნაწილის მთავარი საფიქრალი მათი პარლამენტში შესვლის ,,გაპრავებაა“, ისინი ეძებენ თუნდაც მცირე მიზეზს კუთვნილი მანდატების დასაუფლებლად. მითუმეტეს მაშინ, როცა გავლენიანმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა დადებითად შეაფასეს საპარლამენტო არჩევნები და ყველას მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდომა ურჩიეს. ეს ყველაფერი კი ,,ნაციონალური მოძრაობის“ გახლეჩის პროცესს კიდევ უფრო აჩქარებს და მთავარი ნაციონალი სააკაშვილი, შესაძლოა თავის მომხრეებთან ერთად მალე ,,მშობლიური“ პარტიის ხორცმეტებად იქცნენ.
მსგავსი სიახლეები
რა მოხდა და რატომ დაუპირისპირდნენ “რუსთავი 2”-ს მარტვილში? [ვიდეო]

ოკუპირებულ აფხაზეთში მომიტინგეები და ე.წ. „უსაფრთხოების ძალები“ ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ


