მესტიის საკარანტინო სივრცეებში მყოფებს სახლებში ეტაპობრივად დააბრუნებენ

- მესტიის მუნიციპალიტეტში გუშინ ეპიდემიოლოგებმა სულ 813 ადამიანს აუღეს კორონავირუსზე ტესტი, აქედან 22 ნიმუში მესტიის კლინიკაში აიღეს. აღებული ნიმუშიდან 56 არის მესტიიდან, 160 სოფელ ლენჯერიდან. აღებულ ნიმუშებში იყო სამაშველოს თანამშრომლის 82 ტესტი, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლების 26 ტესტი, კარანტინში მყოფ პირების კი, 467.
მესტიის მუნიციპალიტეტის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი აცხადებს, რომ მესტიის საკარანტინო სივრცეებში მყოფებს სახლებში ეტაპობრივად დააბრუნებენ.
„სულ გუშინ გაკეთებული იყო 813 ტესტი. ზუგდიდიდან ამოსული ეპიდემიოლოგები გვეხმარებოდნენ. ტესტები დიდი რაოდენობით გაკეთდა საკარანტინო სივრცეებში – 467. დანარჩენი გაკეთდა ლენჯერის თემში და იმ უბნებში, სადაც კორონავირუსი დაფიქსირდა. სულ 813 ტესტია გაკეთებული, გაგზავნილია ზუგდიდისა და ქუთაისის ლაბორატორიებში და პასუხებს დღის ბოლოს ველოდებით. ამის შემდგომ ჩვენ დავიწყებთ საკარანტინო სივრცეებიდან იმ პიროვნებების გაშვებას, რომლებსაც საკუთარი ავტომობილები ჰყავთ, ხვალიდან კი იმ ადამიანებს, ვისაც საკუთარი ტრანსპორტი არ ჰყავს. მათ გადაყვანას ტურიზმის დეპარტამენტი უზრუნველყოფს. მათ სამარშრუტო ტაქსებით მივაცილებთ ოჯახებამდე“, – განაცხადა მესტიის მერმა.




