სენაკში, 1 307 აღსაზრდელი საკვების ორი კვირის მარაგს მიიღებს

სენაკის მუნიციპალიტეტის მერის, ლევან კუპრეიშვილის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, დღეიდან, მუნიციპალიტეტის 27-ვე საბავშვო და ბაგა-ბაღის 1 307 აღსაზრდელზე საკვები პროდუქტის გაცემა დაიწყო.
სკოლამდელი სექტორის ყველა აღსაზრდელი საკვების ორი კვირის მარაგს მიიღებს. კვების პროდუქტების გაცემის პროცესს, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე დავით ვერავა, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია და მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, სკოლამდელი აღზრდის გაერთიანების დირექტორთან, ალექსანდრე ჯანჯღავასთან, საბავშვო და ბაგა-ბაღების დირექციასთან ერთად დაესწრნენ.
საბავშვო და ბაგა-ბაღის 1 307 აღსაზრდელისთვის შეძენილ იქნა 26 675 ლარის საკვები პროდუქტი. პროცესი გაგრძელდება და მას მონიტორინგს მუნიციპალიტეტის მერია, სკოლამდელი აღზრდის გაერთიანებასთან ერთად, გაუწევს.




