სენაკში ქვეყნის უახლესი ისტორიის ორი თარიღი აღინიშნა

სენაკში, ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის ორი მნიშვნელოვანი თარიღის – დამოუკიდებლობის აღდგენის საყოველთაო რეფერენდუმიდან 31-ე და დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტის, საქართველოს ეროვნული გმირის, ზვიად გამსახურდიას დაბადებიდან 83-ე წლისთავისადმი მიძღვნილი თემატური ღონისძიებები გაიმართა.
1991 წლის 31 მარტს ჩატარებულმა რეფერენდუმმა თვალსაჩინო გახადა ქართველი ხალხის ურყევი ნება საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენის შესახებ. ,,დამოუკიდებლობა ერის ზნეობის გადარჩენაა და, ამდენად, თვით ერის გადარჩენაც“ – ამბობდა ამ ისტორიული მოვლენის სულისჩამდგმელი – საქართველოს პირველი პრეზიდენტი, რომლის ღვაწლსა და ქვეყნისათვის თავდადებაზე ისაუბრეს დღეს ჟიული შარტავასა და მისივე სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმებში, საჯარო ბიბლიოთეკაში.
ღონისძიებებს სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, გრიგოლ ბაღათურია, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.




