მოსამართლის პოსტი სოც ქსელში და სადეზინფექციო სამუშაოები ზუგდიდის სასამართლოში

სადეზინფექციო სამუშაოები ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში მას შემდეგ დაიწყო, რაც ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ ნატრული აკობიამ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.
„დღეს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში გამოცხადდა ორი ადვოკატი,სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეებზე. ერთი დაესწრო პროცესს, მეორემ მოითხოვა სხდომის გადადება. ორივე ჩამოვიდა თბილისიდან და მათი განმარტებით, იმყოფებიან თვითიზოლაციაში. შესაბამისმა სამსახურებმა იქნებ გაგვარკვიოს, რატომ არ აკონტროლებენ თვითიზოლაციაში მყოფ ადამიანებს და რატომ გვტოვებენ დამოკიდებულს მათ მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობაზე, რომლის დეფიციტიც აშკარაა. ასეთი საქციელით კი სასამართლოში დასაქმებულ ათეულობით მოსამსახურეს პროკურორებს, ადვოკატებს, პროცესის სხვა მონაწილეებს, მხარეებს, მომხმარებლებს შესაძლოა შეუქმნეს საფრთხე. ვიღებთ ზომებს შენობის სადეზინფექციოდ, შევატყობინეთ საპატრულო პოლიციას, ჯანდაცვის სამსახურს, მაგრამ ეს საკმარისია?”, – წერს ნატრული აკობია.
ადვოკატთა ასოციაციაში ამ ფაქტის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ, თუმცა ამბობენ, რომ საქართველოს საერთო სასამართლოებს მიმართეთ თხოვნით, COVID-19 ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სასამართლოს ზეპირი მოსმენები იმ საქმეებზე, რომლებზეც არ ვრცელდება სპეციალური/შემჭიდროვებულისაპროცესო ვადები, გადავადებულიყო.
ზუგდიდის სასამართლოში თვითიზოლაციაში მყოფი ადვოკატების სასამართლო პროცესზე გამოცხადებას მუნიციპალიტეტის ააიპ „ჯანდაცვის საზოგადობრივი ჯანდაცვის ცენტრშიც“ არ ადასტურებენ.
„ვესაუბრე ადვოკატებს და მათ თვითიზოლაციის სხვა დეფინიცია აქვთ. ისინი არანაირ კავშირში არ არიან დაინფიცირებულ პირებთან. ისინი არ ყოფილან არც სამოგზაუროდ… სასამართლო სანამ განგაშს ატეხდა, მანამდე უნდა გაერკვიათ, რომ ასეთი წესი აქვთ მიღებული ადვოკატებს“,- ამბობს ოდიშარია.




