ზუგდიდში, თხილის მწარმოებელთა ასოციაციის მეოთხე წლიური კონფერენცია გაიმართა

ზუგდიდში, საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის მეოთხე წლიური კონფერენცია გაიმართა, სადაც 2019 წელს ჩატარებული სამუშაოები და წელს განსახორციელებელი გეგმები მიმოიხილეს.
ასოციაციის წევრებთან გამართულ შეხვედრას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი, ზუგდიდის მერი გიორგი შენგელია და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.
კონფერენციაზე დამსწრე საზოგადოებამ მიიღო უახლესი ინფორმაცია თხილის დარგში აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით. 2019 წელს ასოციაციასთან ერთად განხორციელდა „თხილის მოსავლის გადარჩენის პროგრამა“, რომლის დამფინანსებლები იყვნენ სახელმწიფო, USAID და ფერერო.
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ასოციაციაში დამატებით გაწევრიანდა 14 000-მდე მეთხილე ფერმერი, რომლებმაც შესაწამლი აპარატები უფასოდ მიიღეს. პროგრამა გაგრძელდება 2020 წელსაც, რომლის ფარგლებში იგეგმება ასოციაციის წევრების გაზრდა 30,000 ფერმერამდე და დამატებით 1500 შესაწამლი აპარატის გადაცემა.



