ფოთში ავტომანქანების კომპონენტების მწარმოებელი ქარხნის მშენებლობა იწყება

ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ტერიტორიაზე ავტომანქანების კომპონენტების მწარმოებელი ქარხნის მშენებლობის საძირკველის ჩაყრის ღონისძიება გაიმართა. ქარხანა ფოთის თიზ-ის ტერიტორიაზე გამოყოფილ 5000 კვ.მ ფართობის ნაკვეთზე შენდება, სადაც ქართული და უცხოური ნედლეულის- ალუმინისა და თუთიის ზოდებისგან სხვადასხვა ტიპის ავტომანქანების კომპონენტები ჩამოისხმევა, რომლის ექსპორტი ევროკავშირის ქვეყნებში, ჩინეთში, აშშ-სა და მექსიკაში განხორციელდება.
წარმოების პირველ წელს დაგეგმილია 5 მლნ აშშ დოლარამდე ღირებულების კომპონენტების ექსპორტი, რომლის მოცულობა ყოველწლიურად გაიზრდება. როგორც სამეგრელო-ზემო სვანეთის ვიცეგუბერნატორმა დავით ფარცვანიამ განაცხადა, პირველ ეტაპზე ქარხანაში დასაქმდება 60-მდე ადგილობრივი მუშახელი, რომელთა რაოდენობა 2021 წლისთვის გაიზრდება 100 თანამშრომლამდე.
მისივე თქმით, ქარხანაში დასაქმებული მუშახელი სპეციალურ გადამზადებას გაივლიან ჩინეთში ქ. სუჯოუში მდებარე ანალოგიური ტიპის ქარხანაში. საძირკვლის ჩაყრის ცერემონიას ესწრებოდნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო ვიცეგუბერნატორი, ფოთის მერი გოჩა კურდღელია, ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის გენერალური დირექტორი დავით ებრალიძე, ფოთის თიზ-ის ინვესტიციების მოზიდვის უფროსი თამარ სახეიშვილი, შპს სდტ ჯორჯიას დამფუძნებელი ჯიაკომო ძამატიო და გენერალური დირექტორი მანავ კუმარი, მოწვეული სტუმრები და მედიის წარმომადგენლები.




