ზუგდიდის დრამატულ თეატრს ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი ჰყავს

ზუგდიდის შ. დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრს ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი ჰყავს – რეჟისორი ლაშა შეროზია თანამდებობაზე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ბრძანებით დაინიშნა.
შეროზიამ აღნიშნულ პოსტზე ბადრი წერედიანი ჩაანაცვლა, რომელიც თეატრს ექვს წელზე მეტია ხელმძღვანელობდა. წერედიანი კარიერას თეატრის რეჟისორის რანგში ლიეტუვაში გააგრძელებს.
„თავიდან თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტზე პრეტენზია შვიდმა ადამიანმა გამოთქვა, მათ შორის იყო შეროზიაც. ყველა პრეტენდენტი ექვსი ადამიანისგან დაკომპლექტებულმა სპეციალურმა საბჭომ შეარჩია, ყველა ხმა ლაშა შეროზიამ მიიღო”, – განუცხადა სააგენტოს თეატრის დირექტორმა ზურაბ ეგუტიამ.
ახალ თანამდებობაზე დანიშვნას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა თავად შეროზია.
„სათითაოდ პასუხი ვერ გაგეცით, ბევრნი ხართ და ძალიან მიხარია, რომ ბევრნი ხართ და იზიარებთ ჩემს სიახლეს მნიშვნელოვან, რთულ და საინეტრესო ეტაპს პროფესიულ საქმიანობაში. დიდი მადლობა მათ ვინც განიხილა ჩემი კანდიდატურა და მანდო ეს მნიშვნელოვანი საქმე”, – წერს შეროზია საკუთარ Facebook-გვერდზე.




