წლების შემდეგ აღდგენილი სასწავლო პროცესი კოტიანეთის სკოლაში

სენაკის მუნიციპალიტეტი ახალ სასწავლო წელს მნიშვნელოვანი სიახლეებითა და სკოლებში უპრეცედენტო მასშტაბის, განახლებული ინფრასტრუქტურით შეხვდა. კოტიანეთელების წინაშე მდგარი პრობლემა სოფლის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესის შეჩერება და მისი სრული რეაბილიტაციის საჭიროება იყო. სკოლის მოსწავლეებს ორი წლის მანძილზე მეზობელი სოფლის საჯარო სკოლაში უწევდათ სიარული.
საქართველოს პარლამენტის წევრის, სენაკის მაჟორიტარი დეპუტატის ირაკლი ბერაიასა და ადგილობრივი ხელისუფლების უშუალო ჩართულობის შედეგად, დღეს, ვლადიმერ გაგუას სახელობის კოტიანეთის საუკუნოვანმა საჯარო სკოლამ სასწავლო პროცესი სრული დატვირთვით განაახლა.
სკოლაში სრულად რეაბილიტირდა საკლასო ოთახები, დერეფნები, სპორტული დარბაზი. კეთილმოეწყო წყალმომარაგების და გათბობის სისტემები. სამუშაოების ღირებულებამ 127 000 ლარი შეადგინა.
დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან კუპრეიშვილმა ცნობილი პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის, კოტიანეთის სკოლის დამაარსებლის ვლადიმერ გაგუას შვილიშვილთან გიორგი გაგუასთან ერთად, კოტიანეთის საჯარო სკოლა საზეიმოდ გახსნა.
გახსნის ცერემონიალს ესწრებოდნენ მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, სენაკის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს უფროსი თამარ სალაყაია, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბადრი კალანდარიშვილი, საკრებულოს წევრი, ძველი სენაკის მაჟორიტარი დეპუტატი დავით ხუხია, საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი დარეჯან ზარანდია, სკოლის დირექციის წარმომადგენლები, კოტიანეთის სკოლის დამაარსებლის შთამომავლები და ადგილობრივი მაცხოვრებლები.




