170 წლის მეგრულ ოდას სოფელ ახუთში რეკონსტრუქცია ჩაუტარდება
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ახუთში მდებარე კუხალეიშვილების 170 წლის ოდას რეკონსტრუქცია ჩაუტარდება.
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ახუთში მდებარე კუხალეიშვილების ოდა დაათვალიერა, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს.
უნიკალური მეგრული ოდა 170 წელს ითვლის, საჭიროა ოდის ავთენტური მასალით გადახურვა. სახელმწიფო რწმუნებულის განმარტებით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს ხელმძღვანელთან ამ საკითხზე საუბარი უკვე ჰქონდა და უახლოეს პერიოდში სპეციალისტები საკითხს ადგილზე შეისწავლიან, რის შემდეგაც რეაბილიტაციის სამუშაოები დაიგეგმება.
სახელმწიფო რწმუნებული მეგრული ოდის დათვალიერების შემდეგ, ახუთში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა და სოფელში არსებულ საჭიროებებზე ინფორმაცია მიიღო.




