ხმაურიანი აქცია ზუგდიდში – რას ითხოვენ 21 წლის მირო მარკელიას ახლობლები?

ხმაურიანი აქცია გაიმართა ზუგდიდის რაიონულ პროკურატურასთან. დაკავებული 21 წლის მირო მარკელიას ოჯახის წევრები და ახლობლები მის გათავისუფლებას და ობიექტურ გამოძიებას ითხოვენ.
შემთხვევა რამდენიმე თვის წინ კახათში მოხდა. ახალგაზრდა მეზობლების ჩხუბი რამდენიმე თვის წინ მოხდა. დაზარალებულმა ახალგაზრდამ ჩვენება მისცა მირო მარკელიას წინააღმდეგ. მას მათი თქმით 5 წლიანი პატიმრობა ემუქრება. აქვე იმყოფებოდნენ მარკელიას მეზობლებიც. ისინი ამბობენ, რომ მეზობლებს შორის ასეთი დაპირისპირება საზიანოა და ერთმანეთში თვითონ გაარკვევენ ურთიერთობას:
” 5 წელი რა ამბავია? ამ ქვეყანაში სამართალი არ არსებობს? 5 წელს არ უსჯიან კაცის მკვლელს და ისინი დადიან გარეთ, ეს არის ჩვენი მთავრობა”- აცხადებს მარკელიას მეზობელი ზამირ ჩახაია.
აქციაზე მამაკაცმა სხეულზე თვითდაზიანებები მიიყენა. მან საავადმყოფოში გადაყვანაზე უარი თქვა და სასწრაფოს ექიმებმა პირველადი დახმარება ადგილზე გაუწიეს. შეუძლოდ გახდა დაკავებულის დედა, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. საქმეზე სასამართლო დღეს გაიმართება.



