,,ანი”-დან ,,ჰოე”-მდე…-ქართული ენის დღე სენაკში

,,ენა საღვთო რამ არისო“ – ბრძანებს დიდი ილია. ,,მისი წახდენა ერის დაცემააო“ – გვმოძღვრავს პოეტი. ენას ძეგლი აუგო ქართველმა… დღე სასწაულიც დაუნიშნა – 14 აპრილი… – ასე დაიწყო დედა ენის დღისადმი მიძღვნილი პერფორმანსი, რომელშიც მონაწილეობა ახალგაზრდულ თეატრ ,,ფიროსმანის“ ნორჩმა მსახიობებმა მიიღეს.
ღონისძიებას, რომლის ორგანიზატორი მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრი იყო, მერიის განათლების, კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის სამსახურის უფროსი გივი მისაბიშვილი, მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის დირექტორი ლევან უჩანეიშვილი და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
,,ჩვენ, მომავალმა თაობამ, არა მხოლოდ პატივი უნდა მივაგოთ მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი და უნიკალური დამწერლობის მქონე ქართულ ენას, არამედ უნდა გავუფრთხილდეთ და დავიცვათ, სათანადოდ დავაფასოთ და გვიყვარდეს იგი.“ ,,დაიცავი დედა ენა! არა – ბარბარიზმს!“- ამ გზავნილებით დასრულდა მოსწავლე-ახალგაზრდობის სკვერში გამართული ღონისძიება, რამაც ქართული ენის უნიკალურობასა და სიდიადეს კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი.




