პრემიერი – ზუგდიდში ზვიად გამსახურდიას სახელობის ახალი ბიბლიოთეკა გაიხნება

პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, ზუგდიდში ზვიად გამსახურდიას სახელობის ახალი ბიბლიოთეკა გაიხნება.
,,მოგეხსენებათ, 31 მარტს საქართველოს პირველ პრეზიდენტს ზვიად გამსახურდიას 80 წელი უსრულდება.
ჩემი თაოსნობით, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, შექმნილია სახელმწიფო კომისია, რომელმაც იმსჯელა და გადავწყვიტეთ, რომ საქართველოს პირველი პრეზიდენტის 80-წლისთავის აღსანიშნავად განხორციელდეს შემდეგი ტიპის ღონისძიებები:
1. საქართველოს ფოსტა ზვიად გამსახურდიას იუბილესთან დაკავშირებით გამოსცემს ზვიად გამსახურდიას მარკას.
2. განათლების სამინისტრო შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდთან ერთად, ქართველოლოგიის განვითარებისათვის უცხოეთში მოღვაწე ქართველოლოგთათვის დააწესებს ზვიად გამსახურდიას სახელობის პრემიას, რომელიც ყოველწლიურად 31 მარტს გაიცემა.
3. საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში მოეწყობა გამოფენა, რომელზეც წარმოდგენილი იქნება ზვიად გამსახურდიას ნაშრომები, ინტერვიუები, ფოტოები, წიგნები.
4. რეგიონული განვითარებისა და ინფრაქსტრუქტურის სამინისტრო ქალაქ ზუგდიდში ააშენებს ახალ ბიბლიოთეკას, რომელსაც მიენიჭება საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას სახელი.
5. საქართველოს მასშტაბით, რეგიონებში გაიმართება ზვიად გამსახურდიას ხსოვნისადმი მიძღნილი სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები,”-განაცხადა პრემიერმა.



