აუდიტის სამსახურის მიერ აღმოჩენილი დარღვევები ხობის რეაბილიტირებულ ბაღებში

უხარისხოდ შესრულებული სამშენებლო სამუშაოები, დაზიანებული კედლები და ჭერი, შენობის რეაბილიტაციიდან ორ წელიწადში კედლებზე გაჩენილი ბზარები, ჩამოყრილი კაფელი, ნალესი და ბათქაში, საღებავთან ერთად – ეს ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ დურღენას ბაღში არსებული მდგომარეობაა, რომლის რეაბილიტაციაც 2016 წელს ჩატარდა და სარეაბილიტაციოდ 58.2 ათასი ლარი დაიხარჯა.
რეაბილიტაციიდან სამი წლის შემდეგ სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მთელი რიგი დარღვევები აღმოაჩინა და მერიას შესაბამისი რეკომენდაციითაც მიმართა.
“ხობის მუნიციპალიტეტმა ქვემო ქვალონის ადმინისტრაციულ ერთეულში შეისყიდა სოფელ დურღენას საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები. ხელშეკრულება გაფორმდა ი/მ დათო ადამიასთან ღირებულებით 58.2 ათასი ლარი. ხელშეკრულების მიხედვით, მიმწოდებელს უნდა განეხორციელებინა სხვადასხვა სამშენებლო სამუშაო. მათ შორის, შიდა კედლების მობათქაშება მაღალხარისხოვანი ქვიშა- ცემენტის ხსნარით და მათი შეღებვა მაღალხარისხოვანი წყალ-ემულსიის საღებავით. აუდიტის ჯგუფმა შესყიდვის ობიექტი დაათვალიერა მუნიციპალიტეტის წარმომადგენელთან ერთად. აღმოჩნდა, რომ მიმწოდებლის მიერ განხორციელებული სარეაბილიტაციო სამუშაოები უხარისხოა. შენობაში ბევრ ადგილას მნიშვნელოვნადაა დაზიანებული კედლები და ჭერი. კერძოდ, შეიმჩნევა ბზარები, ჩამოყრილია კაფელი, ნალესი და ბათქაში, საღებავთან ერთად,”-აღნიშნულია სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში.
თითქმის იგივე სურათია სოფელ შავღელეს საბავშვო ბაღშიც, რომლის რეაბილიტაციაც 2016 წელს განხორციელდა.
“ხობის მუნიციპალიტეტმა შეისყიდა სოფელ შევღელეს საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები. ხელშეკრულება გაფორმდა ი/მ კახა ჩიქოვანთან ღირებულებით 21.6 ათასი ლარი. აუდიტის ჯგუფმა შესყიდვის ობიექტი დაათვალიერა მუნიციპალიტეტის წარმომადგენელთან ერთად. აღმოჩნდა, რომ მიმწოდებლის მიერ განხორციელებული სარეაბილიტაციო სამუშაოები უხარისხოა. შენობაში ბევრ ადგილას კედლები დაბზარულია, ჩამოყრილია ნალესი და ბათქაში,”-აღნიშნულია აუდიტის დასკვნაში.
რაც შეეხება საჯიჯაოს ადმინისტრაციულ ერთეულში 2017 წელს რეაბილიტირებულ საბავშვო ბაგა-ბაღს, ბაღის კედლების ზედაპირი მასიურად დაბზარულია. ასევე დაზიანებულია შენობის გარე კედლის ნაწილი, ჩამოცვენილია ნალესი და საღებავი. თითქმის იგივე სურათია, ნოჯიხევის ადმინისტრაციულ ერთეულში №2 ბაღში, რომლის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2016 წელს განხორციელდა და სარეაბილიტაციოდ 44.7 ათასი ლარი დაიხარჯა, ობიექტის დათვალიერების შედეგად აღმოჩნდა, რომ იატაკი, შიდა კედლების ზედაპირი და მეტლახის იატაკი სველ წერტილში ნაწილობრივ დაზიანებულია, ასევე შენობაში ჩამოდის წყალი.
STV აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით ხობის მაჟორიტარ დეპუტატს “ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოდან” ირაკლი დაჩი ბერაიას დაუკავშირდა. კითხვაზე, “ვისი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს? სამშენებლო კომპანიების თუ მერიის მაღალჩინოსმების, რომლებმაც ხარვეზიანი შენობები ჩაიბარეს?” ბერაიამ ასე უპასუხა:
“არაკომპეტენტური და მოუმზადებელი პასუხი რომ არ გითხრათ, მე უნდა გავეცნო აუდიტის დასკვნას და მერე შემიძლია გიპასუხოთ ამ შეკითხვაზე. მაგრამ აქვე გეტყვით, რომ შესაძლოა იყოს ზედამხედველის პასუხისმგებლობის საკითხი ან თვითონ კომპანიის პასუხისმგებლობის საკითხი. ამიტომაც სანამ დეტალურად არ გავეცნობი დასკვნას, მანამ გამიჭირდება პასუხის გაცემა. მიუხედავად ამისა მაქვს ცალსახა პოზიცია, რომ ბიუჯეტის ფული, იგივე ხალხის ფული აუცილებლად მიზნობრივად და ეფექტიანად უნდა იხარჯებოდეს. თუ ეს არასწორად ხდება, მაშინ მეც შეუბრალებელი ვიქნებოდი ნებისმიერი ადამიანის და ნებისმიერი პიროვნების მიმართ.
არავის, ჩემი ღვიძლი ძმა რომ იყოს იმას არ გადავაფარებ ხელს და ყველა კანონის შესაბამისად უნდა დაისაჯოს თუ საკითხი ასე დგას. ვისი ბრალეულობაც იქნება ის აუცილებლად უნდა დაისაჯოს კანონის მთელი სიმკაცრით ჩვენ ვართ ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება და ხალხის ფულს თუ ვხარჯავთ არამიზნობრივად ეს უპატიებელია. ყველა ასეთი ფაქტის მიმართ, მე პირადად ვიქნები შეუწყნარებელი. კიდევ ერთხელ განვმეორდები, მე ნამდვილად არ მაქვს აუდიტის დასკვნა წაკითხული. წავიკითხავ აუცილებლად და ამის შემდეგ თუ თქვენ ისევ გექნებათ სურვილი და ჩემს კონრეტულ აზრს სწორედ ამის შემდეგ დავაფიქსირებ,”-განაცხადა ბერაიამ.




