ფოთში მდინარე კაპარჭას გაწმენდის სამუშაოები იწყება

ფოთში მდინარე კაპარჭას გაწმენდის სამუშაოები იწყება. პროექტი სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ალექსანდრე მოწერელიას უშუალო ჩართულობით ხორცილედება.
„კაპარჭას გაწმენდის პროექტი მდინარის 3 700 მეტრიანი ზოლის გაწმენდასა და პალიასტომის ტბის ჰიდროდინამიური რეჟიმის აღდგენას ითვალისწინებს.
პროექტის ღირებულება 1 500 000 ლარია, იგი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდება. ”
ეს არის პალიასტომის ტბის ჰიდროდინამიური რეჟიმის აღდგენის I ეტაპის სამუშაო, რომლის განხორციელების შემდეგ შესაძლებელი გახდება პალიასტომის ტბის წინაშე მდგარი პრობლემების უფრო ეფექტური გადაჭრა”-განაცხადა მერის პირველმა მოდგილემ კონსტანტინე თოფურიამ.
პროექტი გულისხმობს მდინარე კაპარჭის გამტარუნარიანობის აღდგენას, რის შედეგადაც მდინარე კაპარჭაზე შესაძლებელი იქნება სანიჩბოსნო სპორტული ღონისძიებების ჩატარება. მდინარე კაპარჭის ამოწმენდის შედეგად მიღებული ლამი, როგორც ბუნებრივი ორგანული სასუქი, სოფლის მეურნეობაში იქნება გამოყენებული.
მდინარე კაპარჭისა და პალიასტომის ტბის გაწმენდითი სამუშაოები 20 წელია არ განხორციელებულა. ბუნებრივმა პროცესებმა მტკნარი წყლების კლება და ტბის ნაწილის დეგრადირება გამოიწვია. მომრავლდა ქვეწარმავლები, კოღოები და სხვა მწერები.
არხებისა და მდინარეთა ძირზე დაწყებულია მკვდარი მცენარეული მასის და პირველ რიგში, ტორფის აჭრილი ფენების წყალში გახრწნა, რამაც მავნე ბიოლოგიური ელემენტების დიდი რაოდენობით წარმოქმნა და იმავე ნივთიერებებით პალიასტომის შენაკადების დაბინძურება გამოიწვია.
აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს როგორც მდინარე კაპარჭის წყალგამტარიანობისა და შესაბამისად პალიასტომის ტბის ეკოსისტემის აღდგენას, ასევე მიმდებარე ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის განვითარებას.



