წალენჯიხის მერიამ სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებზე საშობაო ნობათები გასცა

დღეს, 6 იანვარს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ მრავალშვილიან, უკიდურესად შეჭირვებულ, სოციალურად დაუცველ ოჯახებსა და 100 წელს გადაცილებულ ადამიანებს საშობაო ნობათი გადაეცათ. ინფორმაციას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
საჩუქრების დარიგების პროცესში ჩაერთნენ წალენჯიხა-ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატი, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები და მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები. საშობაო კალათა მუნიციპალიტეტის მასშტაბით 200-მდე ოჯახმა მიიღო.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი ბესიკ ფარცვანია,ქალაქ წალენჯიხის წარმომადგენელთან ტარიელ ჯანჯღავასთან ერთად , სოციალურად დაუცველებს, მრავალშვილიან, მძიმე ეკონომიკურ პირობებში მყოფ ოჯახებს და 100 წელს გადაცილებულ ადამიანებს სახლში ესტუმრა, მათ დამდეგი შობის დღესასწაული მიულოცა და საშობაო ნობათი გადასცა.




