ზუგდიდში, დეცენტრალიზაციის ეროვნული სტრატეგიის პროექტზე საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა
საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ (NALAG), გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), დანიის, შვეიცარიისა და ავსტრიის მთავრობების მხარდაჭერით, ასევე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან თანამშრომლობით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში დეცენტრალიზაციის ეროვნული სტრატეგიის პროექტზე საკონსულტაციო შეხვედრა გამართა.
შეხვედრა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით მელუამ გახსნა. მან პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ აღნიშნული შეხვედრა ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებებს შორის დეცენტრალიზაციის საკითხებზე დიალოგის წარმართვასა და დეცენტრალიზაციის ახალ სტრატეგიაში ადგილობრივი ხელისუფლების ინტერესების გათვალისწინებას ისახავს მიზნად.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა – ნიკოლოზ როსებაშვილმა დეცენტრალიზაციის საშუალო სტრატეგიის (2019-2025) პროექტი პრეზენტაციის სახით წარმოადგინა და დამსწრე საზოგადოებას აღნიშნული დოკუმენტის ძირითადი პრინციპები გააცნო.
შეხვედრა დისკუსიის ფორმატში გაგრძელდა, სადაც მხარეებმა რეგიონში არსებულ საჭიროებებზე ისაუბრეს და ის პრიორიტეტები განიხილეს, რომლებიც მუნიციპალიტეტებში არსებული პრობლემების აღმოფხვრაზე იქნება ორიენტირებული.
საკონსულტაციო შეხვედრას სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის ადმინისტრაცია, მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.



