შერჩევითობის პრინციპი?! – ხობის მერიამ 141-დან 29 თანამშრომელი ფულადი ჯილდოს გარეშე დატოვა

ხობის მერიამ თანამშრომლების ნაწილი ფულადი ჯილდოს გარეშე დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია STV-ს ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა ზვიად ბუკიამ დაუდასტურა. მისი თქმით, მერიის 141 თანამშრომლიდან ე.წ. ჯილდო 112 ადამიანზე გაიცა, ხოლო 29 თანამშრომელი ჯილდოს გარეშე ხვდება ახალ წელს. რაც შეეხება გაცემული თანხის ოდენობას, 85 ათას ლარს შეადგენს.
“პრემია და დანამატi არ გაცემულა, გაიცა წახალისების ფორმით ე.წ. ჯილდო. აიპების შესახებ ვერ გეტყვით ვერაფერს და ვერ გაგცემთ პასუხს. მერიის ფინანსური რესურსების გათვალისწინებით ყველა სამსახურზე გაიცა გარდა ერთი სამსახურისა, რომელსაც შესაბამისი ასიგმენებში თანხა საკმარისი არ ჰქონდა და არ იქნა შესაძლებელი. ეს ჯილდო წინასაახალწლოდ გაიცა, მაგრამ ახალწელთან კავშირში არაა. ეს არის წახალისების ფორმა და გაიცემა შესაბამის საფუძველზე. კრიტერიუმები დადგენილია როგორც მთავრობის დადგენილებით ასევე მერის ბრძანებით,”-განუცახადა STV-ს ბუკიამ.
რაც შეეხებათ ადამიანებს, რომლებიც ფულადი ჯილდოს გარეშე დარჩნენ, ისინი კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებენ და აცხადებენ მხოლოდ იმას, რომ მერიაში ჯილდოები პირადი სიმპათიების მიხედვით რიგდება. საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით ”საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ” კანონპროექტი 2017 წლის 22 დეკემბერს დაამტკიცა, რომელიც 82 ხმით მიიღეს. სწორედ მაშინ ჩაანაცვლა ტერმინი -პრემია ფულადმა ჯილდომ კანონმდებლების მტკიცებით, ახალი კანონი აწესრიგებს საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირთა შრომის ანაზღაურების და ადმინისტრაციული და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რიცხოვნობის განსაზღვრის საკითხებს.
აღნიშნული კანონის მოქმედება გავრცელდება სახელმწიფო მოსამსახურეზე, სახელმწიფო-პოლიტიკურ თანამდებობის პირზე, პოლიტიკურ თანამდებობის პირზე, პროფესიულ საჯარო მოხელეზე და ადმინისტრაციული და შრომითი ხელშეკრულებებით მიღებულ პირებზე. იქვე კეთდება იმ პირების ჩამონათვალი, ვისზეც კანონის მოქმედება არ გავრცელდება. კანონპროექტი ასევე ადგენს განსაზღვრულ პირთა ნახევარ განაკვეთზე, ღამის საათებში, დასვენების და უქმე დღეებში მუშაობისას, ჯანმრთელობისათვის რისკის შემცველ სამუშაო პირობებში საქმიანობისას შრომის ანაზღაურების პირობებს და განსაზღვავს დროებით დაკისრებული ფუნქციების შესრულებისათვის ანაზღაურების წესს.
განიმარტება საბაზო თანამდებობრივი სარგოს მნიშვნელობა და დანიშნულება, აგრეთვე შრომის ანაზღაურების კომპონენტების – მოხელის სახელფასო დანამატის, საკლას დანამატისა და ფულადი ჯილდოს გაცემის საფუძვლები. დგინდება ზოგიერთი შეზღუდვა შრომის ანაზღაურებასა და დასაქმებულთა რიცხოვნობასთან დაკავშირებით.
განისაზღვრება კოეფიციენტების კატეგორიები თანამდებობრივი სარგოებისათვის (მათ შორის მუნიციპალიტეტებისთვის), აგრეთვე თანამდებობრივი სარგოს ზედა ზღვრის კოეფიციენტები თანამდებობების მიხედვით.




