ბუნებრივი აირის ტარიფი შემცირდა

ბუნებრივი აირის ტარიფი უმნიშვნელოდ, თუმცა მაინც შემცირდა. საუბარია “ყაზტრანსგაზის” აბონენტებზე.
ტარიფი 0.014 თეთრით შემცირდა. როგორც სემეკში აცხადებენ. გაზის ტრანსპორტირების ღირებულება შემცირდა მცირედით და სწორედ ამან გამოიწვია სამომხმარებლო ტარიფის კლება.
“განაწილების ტარიფი შემცირდა დაახლოებით 1.3 თეთრით და ეს შემცირება გამოწვეული იყო ძირითადად მაინც ნორმატიული დანაკარგების ღირებულების შემცირებით. თქვენ იცით, რომ კომისია ადგენს დანაკარგების განაკვეთებს კომპანიებისთვის 5-წლიან პერიოდზე. მომდევნო ერთი წლის განმავლობაში ეს დანაკარგები შემცირდა და, შესაბამისად, ამ შემცირებამ გამოიწვია თვითონ განაწილების ტარიფის შემცირება. თუმცა გაიზარდა მიწოდების ტარიფი, მიწოდების ტარიფის ზრდა იყო დაახლოებით 1.3 თეთრი და შესაბამისად, ამ ორმა კომპონენტმა ერთმანეთი დააბალანსა, თუმცა ტრანსპორტირების ტარიფის შემცირებამ საბოლოო ჯამში გამოიწვია სამომხმარებლო ტარიფის შემცირებაც. ასე რომ, სამომხმარებლო ტარიფი შემცირდა 0.014 თეთრით 1 კბ მ-ზე, შესაბამისად ეს ტარიფი იმოქმედებს ერთი წლის განმავლობაში”, – განაცხადა გოჩა შონიამ.
„ყაზტრანსგაზ-თბილისის“ მოქმედი ტარიფი 46.154 თეთრია, სემეკის პროექტის მიხედვით კი 2019 წლის 1 იანვრიდან 46.139 თეთრი უნდა გახდეს.
ასევე გაზის ტარიფი „საქორგგაზის“ აბონენტებსაც შეუმცირდებათ. კომპანიის აბონენტებისთვის ტარიფი პირველი იანვრიდან 0.012 თეთრით დაიკლებს. აქამდე კომპანიის აბონენტები ერთ კუბურ მეტრში 57.011 თეთრს იხდიდნენ, ახალი წლიდან კი 56.999 თეთრს გადაიხდიან.
სემეკმა უკვე დაამტკიცა ტარიფის კლება „სოკარ ჯორჯია გაზის“ აბონენტებისთვის 0.011 თეთრით.
ახალი ტარიფები 2019 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით იქნება ძალაში და “ყაზტრანსგაზ თბილისის”, “სოკარ ჯორჯია გაზისა” და “საქორგაზის” მილიონამდე აბონენტს შეეხება, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში.




