ზუგდიდში ფერმერთა დღე გაიმართა [ვიდეო]
ზუგდიდში, დადიანების სასახლის ეზოში დღეს, “საქართველოს ფერმერთა ასოციაციის” ინიციატივით “ფერმერთა დღე” გაიმართა. სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსულმა ფერმერებმა საკუთარი პროდუქცია გამოფინეს, გაიმართა დეგუსტაცია და რეალიზაცია. ორგანიზატორების თქმით, დღევანდელი დღის მთავარი მიზანი ფერმერების პოპულარიზაცია და მათი საქმიანობის ხელშეწყობაა.
ღონისძიებას 600-ზე მეტი სტუმარი, მათ შორის, სხვადასხვა სექტორში წარმოდგენილი ფერმერები მთელი საქართველოდან დაესწრენენ.
დადიანების სასახლის ეზოში, სადაც ფერმერების დაჯილდოვება გაიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ვიცე-პრემიერი გიორგი გახარია, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია, საქართველოს პარლამენტის აგრარული კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია, დონორი ორგანიზაციების, არასამთავრობო სექტორის და სხვადასხვა სექტორული ასოციაციების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.


