სოფელ იელში ცენტრამდე მისასვლელი გზა ჩაკეტილია

თითქმის სამი საათია ჩაკეტილია მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იელში ცენტრამდე მისასვლელი გზა. ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი ეწინააღმდეგება მესტიაში გამარჯვებული აქციის მონაწილეთა აზრს. ამიტომ ისინი ოქროს მოპოვების ადგილამდე არ გაატარეს.
სოფელ იელის მკვიდრთა ნაწილი თვლის, რომ ოქროს მოპოვებას თავისი დადებითი მხარეებიც აქვს, სოფლის კეთილდღეობისთვის კარიერზე მუშაობის გაგრძელება მიზანშეწონილად მიაჩნიათ. აქციის მონაწილეთა ნაწილი რამდენიმე საათია მათთან მოლაპარაკებას აწარმოებს, თუმცა ჯერჯერობით უშედეგოდ. მესტიაში საპროტესტო აქცია დღის პირველ ნახევარში გაიმართა.
ადგილობრივთა ნაწილი ეწინააღმდეგება სოფელ იელში კომპანია ” ოპტიკალ სისტემის” მიერ ოქროს მოპოვებას. მათი თქმით, კომპანია ქიმიური გზით ახდენს ოქროს მოპოვებას, რაც ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე დააყენებს სვანეთს და შავი ზღვის სანაპიროს.




