კორტავას დედა მისი შვილის მკვლელობის საქმეზე მირზა სუბელიანისთვის ბრალის წარდგენას ითხოვს

საზოგადოებისთვის ოფიციალური უწყებების მიერ გავრცელებული ინფორმაციითაა ცნობილი, რომ 2013 წლის 13 მაისს გეგუთის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სასტიკად იქნა ნაცემი 24 წლის პატიმარი ლევან კორტავა, რასაც შედეგად ამავე წლის 23 მაისს მისი გარდაცვალება მოჰყვა.
აღნიშნული საქმის გამოძიებამ მთელი რიგი შემაშფოთებელი გარემოებები გამოავლინა. როგორც ოფიციალურად გავრცელებულმა ინფორმაციამ ცხადყოფო, 2013 წლის 12 მაისს ლევან კორტავა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის რუსთავის #6 დაწესებულებიდან გადაიყვანეს გეგუთის #14 დაწესებულებაში. გეგუთის ციხეში განთავსებისას, ლევან კორტავასა და უსაფრთხოების განყოფილების ინსპექტორ – ილია შანშაშვილს შორის, ფსიქოტროპული პრეპარატების გაცემასთან დაკავშირებით შელაპარაკება მოხდა. ილია შანშაშვილმა ლევან კორტავასთან კონფლიქტური სიტუაციის გარკვევა მსჯავრდებულ შოთა სინაურიძეს დაავალა, რასაც მოჰყვა რამდენიმე პატიმრის მიერ ლევან კორტავას განსაკუთრებული სისასტიკით ცემა, რომლის დროსაც მიყენებული დაზიანებების გამო ეს უკანასკნელი გარდაიცვალა.
გავრცელებული ინფორმაციითვე გამოძიების მიმდინარეობისას დააკავეს როგორც პატიმრის ცემაში უშუალოდ მონაწილე პირები, ასევე გეგუთის სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომელი ილია შანშაშვილი.
თუმცა კორტავას ოჯახი თავიდანვე აცხადებდა რომ ხელისუფლება გარკვეულ პირებს ხელს აფარებდა და საქმის გამოძიება არასწორად მიმდინარეობდა. საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილის დედას ახლაც იგივე მოთხოვნები აქვს და აცხადებს რომ მისთვის გაუგებარია თუ რა ვალშია ქვეყანა სუბელიანის წინაშე, რომ მას ყველა დანაშაული “შერჩა”.
მირზა სუბელიანი სასჯელარსრულების პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსი იყო, სასჯელარსრულების მინისტრი კი სოზარ სუბარი გახლდათ. არ მაინტერესებს არავინ, მინდა მიშველონ. იმ ხელისუფლებას რასაც უწუნებდნენ თავადაც იმას აკეთებენ, ჩემი პირტიტველა შვილი მომიკლეს. ეს მკვლელობა ხომ არ მომხდარა გარეთ ქუჩაში, ეს მოხდა ციხის საკანში ხალხო, რა ვერ გამოიძიეს, რით ვერ გამოიძიეს. მეექვსე წელია ერთ ოთხაში მომხდარი მკვლელობა დღემდე განაჩენის გარეშეა. მე ვიცი რომ, ჩემი შვილის მკვლელობაში მონაწილეობდა მირზა სუბელიანის დეიდაშვილი მუშკუდიანი, რომელიც ქვეყნიდან გააქციეს.
ვითხოვ ჩემი შვილის მკვლელობის საქმეზე მირზა სუბელიანს ბრალი წაუყენონ არა მხოლოდ უფლებამოსილების გადამეტებაზე, არამედ უშუალოდ მკვლელობის თანამონაწილეობაზე,”-აცხადებს კორტავას ოჯახი.




