სამეგრელოს გუბერნატორმა სენაკში, ჟიული შარტავას ბიუსტი გვირგვინით შეამკო

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ და სენაკის მერმა ლევან კუპრეიშვილმა, სენაკის პარში ეროვნული გმირის, შარტავას ბიუსტი, ასევე აფხაზეთში დაღუპულების, გენო ადამიას, ნოდარ კანკიას, გურამ გაბესკირიას ბიუსტები გვირგვინით შეამკეს და პატივი მიაგეს მის ხსოვნას.
ამიშე შემდეგ კი, ჟიული შარტავას სახელობის მუზეუმში გადაინაცვლეს და საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავასა და აფხაზეთის ომში დაღუპული გმირების ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება: ,,აფხაზეთი ჩვენი ტკივილია“-ს დაესწრნენ.
მოგვიანებით კი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი სენაკის იოანე ნათლისმცემლის სახელობის სენაკის საკათედრო ტაძარში აღევლინა.
,, ჟიული შარტავამ, აფხაზეთში გმირული აღსრულებით, მომავალ თაობას სამშობლოსთვის თავდადების შეუდარებელი მაგალითი მისცა. დღეს უმძიმესი დღეა საქართველოს ისტორიაში. ჩვენი ერთიანი ძალისხმევითა და სწორი პოლიტიკით დაკარგულ ტერიტორიებს აუცილებლად დავიბრუნებთ.“ – აღნიშნა ალექსანდრე მოწერელიამ.
ცნობისათვის, სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. კონფლიქტი ქართულ სამთავრობო ჯარებსა და აფხაზ სეპარატისტთა ძალებს შორის 13 თვესა და 13 დღეს გრძელდებოდა.
„ცეცხლის შეწყვეტისა და ძალთა დაშორიშორების შესახებ” მიღწეული შეთანხმების დარღვევით მოწინააღმდეგემ სოხუმის აღება შეძლო.
ქართული მხარის მიერ ამ დრომდე დაუზუსტებელი მონაცემებით, 10 ათასზე მეტი ქართველი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. 300 ათასი აფხაზეთიდან დევნილი კი უსახლკაროდ დარჩა.






