ქარწაღებული ხიდის ისტორია – ტენდერში გამარჯვებული კომპანია მერის სიძის აღმოჩნდა

ხობის მუნიციპალიტეტის ქარიატის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე ბონდის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვასთან დაკავშირებით გამგეობის მიერ გამოცხადებული ტენდერი, ხობის მერის გოჩა ქაჯაის სიძის კომპანიამ მოიგო.
როგორც STV-თვის ცნობილი გახდა, ელექტრონულ ტენდერში უმცირესი ფასი შპს ,,სინათლე 2006“-მა დააფიქსირა. შემდგომ კი სატენდერო კომისიამ შპს ,,სინათლე 2006“-ის მიერ წამოდგენილი ტექნიკური დოკუმენტაცია განიხილა და დაზუსტების შემდეგ გამოავლინა გამარჯვებულად.
აღნიშნულ კომპანიასთან, ხელშეკრულება 2016 წლის 10 ოქტომბერს გაფორმდა – ღირებულებით 219054,00 ლარი, ხოლო მიღება -ჩაბარების აქტი გაფორმდა 214758.82 ლარზე.
ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და შპს ,,სინათლე 2006“-ს შორის ხელშეკრულების სისტემაში ატვირთვის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ამ ტენდერში სატენდერო წინადადება წარმოდგენილი ჰქონდა კიდევ ორ პრეტედენტს უფრო მაღალი ფასებით შპს ,,ლევიანა“-ს ღირებულებით – 228623,00 ლარი და ი/მ ელდარ ფიფიას 247050,00 ლარი.
ხიდი საზეიმოდ 2017 წლის პირველ თებერვალს გახსნეს. თუმცა გახსნიდან მალევე, 2018 წლის 10 აპრილს ქარმა დააზიანა და ხიდის ხელახალი რეაბილიტაცია გახდა საჭირო.
ოპოზიციური პარტიის ერთერთი ლიდერის, მურთაზ ზოდელავას მტკიცებით, რეგიონში მიმდინარე ყველა პროექტი თითქმის ანალოგიურია და ხარისხზე არავინ ფიქრობს.
როგორც ზოდელავა აცხადებს, ოპოზიციურ პარტიას აქვს სამეგრელოში სხვა კორუფციული გარიგებების შესახებაც ინფორმაციები.
“თითქმის ყველგან იგივე სურათია. სამხილები მკვეთრად არ არის გამოხატული, რთულია ამის მოპოვება ოპოზიციისთვის, ეს საგამოძიებო უწყებების პრეროგატივაა. კონკრეტულ ფაქტებთან დაკავშირებით ჩვენ მივმართეთ პროკურატურას გამოძიების დაწყების მოთხოვნით, მაგრამ ეს განცხადებები სხვადასხვა საგამოძიებო ორგანოებში გადაამისამართეს და ჯერჯერობით არანაირი შედეგი არ არის.
ამ ხიდთან დაკავშირებით, კი საოცრება მოხდა. მაგალითად ტენდერი, რომელიც ხობის გამგებლის სიძემ მოიგო, ტენდერი შესრულდა იმ ფორმით, რომ ეს ხიდი აღარ არსებობს. ამ დროს კი საუბარი ძალიან დიდ თანხაზე იყო“,- აცხადებს მურთაზ ზოდელავა.
როგორც ზოდელავა აცხადებს, არსებობს სამხარაულის ექსპერტი ზვიად თვაური, რომელიც ამზადებს ექსპერტიზის დასკვნებს და კარტერულ გარიგებებშია ხელისულფებასთან.
აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, ხობის მერს გოჩა ქაჯაის დავუკავშირდით. ქაჯაიას კომპანიის მეპატრონესთან ნათესაურ კავშირს ადასტურებს და აცხადებს, რომ “თუ ვინმე ვინმეს ნათესავია, სახლში უნდა უჯდეს და შიმშილით უნდა მოკვდეს?!“.
“ტენდერი არის ელექტრონული, ელექტრონულ ტენდერში ყველას შეუძლია მონაწილეობის მიღება.თუ ადამიანი არის მშენებელი მან მისი საქმე უნდა აკეთოს. ამიტომ გამოცდილებიდან გამომდინარე მიიღო მონაწილეობა და გააკეთა ხიდი. ჩემი ნათესავი თუა შიმშილით ხო არ უნდა მოკვდეს, უნდა აკეთოს ის საქმე, რაც იცის. იყო რაღაც ხარვეზები, რომლის გამოსწორებაზეც კომპანიამ თავად იზრუნა და ვადებში აღადგინა,”-განაცხადა გოჩა გაქაიამ.
STV აგრძელებს სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით ინფორმაციების მოძიებას




