სუსმა ზუგდიდში ყოფილი და მოქმედი საჯარო მოხეელები გამოკითხა

რამდენიმე წუთის წინ სუსის ზუგდიდის განყოფილების შენობაში მორიგ გამოკითხვაზე შევიდა სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორის ყოფილი მოადგილე დავით კოდუა. დავით კოდუას გამოკითხვაც სავარაუდოდ “ფარული ჩანაწერების” საქმეს ეხება.
უფრო ადრე კი, ამავე უწყებაში გამოიკითხა კიდევ ერთი, მოქმედი საჯარო მოხელე თენგიზ ქობალია. თენგიზ ქობალია “ფარული ჩანაწერების” საქმის უშუალო მონაწილეა. გამოძიებამ ის გამოკითხვაზე წუხელ დაიბარა და რამდენიმე საათის განმავლობაში იკითხებოდა.
STV თენგიზ ქობალიას დაუკავშირდა, რომელმაც დაადასტურა, რომ ის სუსში ნამდვილად დაკითხეს.
“გამოძიებას ჰქონდა კითხვები და ამ კითხვებზე გავეცი ამომწურავი პასუხი. სხვა დეტალებს სამწუხაროდ ვერ გეტყვით, ისევ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე”-განაცხადა თენგიზ ქობალიამ STV-თან სატელეფონო საუბარში.
სუსმა ზუგდიდში, “ფარული ჩანაწერების” საქმეზე სულ 6 საჯარო პირი დაკითხა.




